როდის დაიწყება ლატარიის ბილეთების გაყიდვა საქართველოში და რა სიახლეები ელის მომხმარებლებს? | Allnews.Ge

როდის დაიწყება ლატარიის ბილეთების გაყიდვა საქართველოში და რა სიახლეები ელის მომხმარებლებს?

საქართველოში ლატარიის ბილეთების გაყიდვა 17 მარტს დაიწყება. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "საქართველოს ეროვნული ლატარიის" კომპანიაში განუცხადეს.

კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი გედევანიშვილის განცხადებით, 17 მარტიდან ლოტოს ბილეთების გაყიდვა დაიწყება, 1-ლი გათამაშება კი 20 მარტს გაიმართება. მისივე თქმით, ბილეთების რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული ლატარიის სერვის ცენტრებში, ლოტოს ჯიხურებში, მსხვილ სავაჭრო ობიექტებსა და უბნის სასურსათო მაღაზიებში მოხდება.

გათამაშებას ტირაჟიანი ლატარიით“ლოტო 6/36”-ით ვიწყებთ. კერძოდ, მოქალაქეები 36 რიცხვიდან 6 რიცხვს შეარჩევენ, ასევე იქნება დამატებით ბონუს რიცხვიც, რომელიც მომხარებელს მოგების დამატებით შესაძლებლობას მისცემს. გათამაშება კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და პარასკევს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, ცხრა საათიანი კურიერის დაწყებამდე გაიმართება. "ლოტო 6/36"-ის ღირებულება 2 ლარია. აღსანიშნავია, რომ "ლოტო"-ს გარდა კომპანია მომხმარებელს პირველივე ეტაპზე მომენტალური ლატარიის სამ თამაშს -"ფარაონს", "შვიდიანს" და "ოქროს საწმისს" შესთავაზებს. გადასაფხეკი ბარათების შეძენა ორ და სამ ლარად იქნება შესაძლებელი,"-აღნიშნა გედევანიშვილმა.

რაც შეეხება საპრიზო ფონდს, სამივე მომენტალური გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი უპრეცედენტოდ მაღალია და 16 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 2 ლარიანი მომენტალური გათამაშების ბარათის მაქსიმალური მოგება ერთ ჯერზე 20 ათასი, ხოლო 3 ლარიანი ბარათის 50 ათასი ლარი იქნება. რაც შეეხება "ლოტო 6/36"-ის ჯეკპოტს, როგორც გიორგი გედევანიშვილი აღნიშნავს, პირველი გათამაშების სასტარტო ჯეკპოტი 500 ათასი ლარს შეადგენს.

მისივე განცხადებით, კომპანია მომხმარებლისთვის ბევრი სიახლისა და სიურპრიზის შეთავაზებას გეგმავს, რომელთა დანერგვაც ეტაპობრივად იგეგმება.

"საქართველოს ეროვნული ლატარიის" პირველი წლის გეგმა, მომენტალური თამაშების პორტფელის 6-დან 9 თამაშამდე გაზრდაა. გარდა ამისა, უახლოეს 3-4 თვეში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ლატარიის ბილეთი სახლიდან გაუსვლელად, ჩვენს ვებ-გვერდზე www.lotto.ge შეიძინოს. პარალელურად, დაინერგება ონლაინ თამაშებიც, ვაპირებთ მობილური აპლიკაციის შემუშავებას და სხვა სერვისების დანერგვას. ჯამში, გათამაშების დაწყებიდან 3-4 თვის შემდეგ "საქართველოს ეროვნული ლატარიის" კომპანია მომხმარებელს - "ლოტო 6/36-ს", ათ ონლაინ თამაშსა და სამ მომენტალურ გათამაშებას შესთავაზებს,"-აცხადებს კომპანიის დირექტორი.

"უახლოეს მომავალში დაემატება თამაშები, რომლის ბილეთის ღირებულება, საპრიზო ფონდები და მაქსიმალური მოგებებიც შედარებით ნაკლები იქნება, თუმცა, ეს გათამაშებები უფრო მაღალი სიხშირით ჩატარდება. ამასთან, არ გამოვრიცხავთ ისეთი ლოტოს დამატებასაც, რომელიც იშვიათად გათამაშდება, მაგრამ ჯეკპოტის ოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე "ლოტო 6/36-ის" შემთხვევაში. თუმცა, ახალი ლოტოს დამატება დაახლოებით, ორი წლის შემდეგ მოხდება,"-განმარტავს გიორგი გედევანიშვილი.

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz