ქვეყნები, სადაც საქართველოდან სამკურნალოდ მიდიან - ძვირია თუ არა საზღვარგარეთ მკურნალობა? | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც საქართველოდან სამკურნალოდ მიდიან - ძვირია თუ არა საზღვარგარეთ მკურნალობა?

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიდიან. მეორე მხრივ გაიზარდა უცხო ქვეყნიდან საქართველოში სამკურნალოდ ჩამომსვლელების რიცხვიც. შესაბამისად, ფეხი მოიკიდა სამედიცინო ტურიზმმა.

ძირითადად, რომელ ქვეყნებში მიდიან საქართველოდან სამედიცინო მომსახურების მისაღებად და რა არის ამის მიზეზი, ასევე, რა სახის სამედიცინო მანიპულაციებისთვის ჩამოდიან უცხოეთის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში, ამის შესახებ Allnews.ge სამედიცინო ტურიზმის სპეციალისტებს ესაუბრა, მათ შორის პაატა რატიანს, რომელმაც ამ მიმართულებით საკუთარი კომპანიაც დააარსა.

როგორც რატიანი განმარტავს, წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდებოდა, - "ეს მიმართულება თანდათანობით ერთეულების ფუფუნების სფეროდან მასიური მოხმარების ბაზრად ჩამოყალიბდა და ამჟამად, ნებისმიერი ქართველი პაციენტისთვის, ხშირ შემთხვევაში უცხოეთში გამგზავრება ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება," - განმარტავს ის.

სპეციალისტის ინფორმაციით, ქართველი პაციენტების საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების სპექტრი ძალიან ფართოა, დაწყებული უბრალო კონსულტაციიდან თუ ბაზისური კვლევებიდან, დამთავრებული რთული ოპერაციებითა და რეაბილიტაციური პროცედურებით.

"ძირითადი მიმართულებებია თურქეთი, ევროპული ქვეყნები და ისრაელი. ბოლო პერიოდში კი თურქულ კლინიკებზე მოთხოვნის კლება შეინიშნება, სამაგიეროდ მატულობს ევროპის სამედიცინო ცენტრებისთვის მიმართვიანობა," - განმარტავს პაატა რატიანი.

მისი შეფასებით, ევროპული კლინიკების მიერ საქართველოში პოპულარობის მოპოვება თურქული სამედიცინო ცენტრების გადამეტებულად აგრესიულმა მარკეტინგმა და კომერციაზე ზედმეტად ორიენტირებამ განაპირობა, მაშინ, როცა ევროპული კლინიკები უფრო აკადემიურობით გამოირჩევიან - "თუმცაღა, რა დროს რომელი ქვეყნის არჩევაა სამკურნალოდ უმჯობესი, ამას კონკრეტული პაციენტის მდგომარეობა განსაზღვრავს და არამხოლოდ სამედიცინო, არამედ ფინანსური, ენების ცოდნის, კულტურული პრეფერენციებისა თუ სხვა სპეციფიკური მოთხოვნების კუთხით, ამიტომ პაცინტებმა აუცილებლად უნდა გაიარონ პროფესიული კონსულტაცია," - აღნიშნა რატიანმა.

საქართველოში არსებული კიდევ ერთი სამედიცინო ჰოლდინგის საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელის მარი ჟვანიას თქმით, კომპანია სამედიცინო ტურიზმში 2011 წლიდან ჩაერთო.

იგი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით წასვლისთვის საჭირო პროცედურებზე გვესაუბრა. მისი თქმით, დაინტერესებული პირი მიდის კომპანიაში, მიაქვს თავისი მონაცემები და განაცხადს ავსებს, აღნიშნული მონაცემები და კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტორეზონანსული კვლევის დისკები საზღვარგარეთ იგზავნება.

"მონაცემები იგზავნება შესაბამის ქვეყანაში შესაბამის სპეციალისტთან, რასაც ისინი ოფიციალურად განიხილავენ, ამ შემთხვევაში რამდენი სპეციალისტის ჩართვაა საჭირო და გვპასუხობენ, რისი შემოთავაზება შეუძლიათ და ჩავიდეს თუ არა პაციენტი. შემდეგ პაციენტს ვაძლევთ პასუხს, რომელშიც მოცემულია კლინიკის სახელი, პროფესორის გვარი, რომელიც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შეკრებილ კონსილიუმს ხელმძღვანელობს. ასევე პასუხში მოცემულია ფინანსური მხარე. როდესაც პაციენტი საზღვარგარეთ ჩადის, ჩვენი წარმომადგენლები ხვდებიან აეროპორტში, ასევე ხვდებათ თარჯიმანი, ვეხმარებით საცხოვრებლის მოძებნაშიც. მკურნალობის პერიოდში კი ვაკონტროლებთ, რა პროცედურები უტარდება", - განმარტავს მარი ჟვანია.

სპეციალისტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ მკურნალობას ძირითადად ისეთ პრობლემატურ დაავადებებზე მიმართავენ, რომელთა მკურნალობაც საქართველოში ძალიან რთული ან შეუძლებელია.

"ამ მხრივ პირველ პოზიციას მაინც ონკოლოგია იკავებს, მიდიან თურქეთში და ასევე ძალიან ხშირად გერმანიაშიც და მკურნალობის გარკვეულ კურსს იქ იტარებენ. ონკოლოგია წამყვან პოზიციას როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში იკავებს, თურქეთში კი იმიტომ მიდიან, რომ უფრო ხელმისაწვდომია. ჩვენს ქვეყანაში რეალიბილიტაციის კუთხითაც პრობლემებია. რეაბილიტაციის რამდენიმე ცენტრი გაიხსნა, მაგრამ ჯერჯერობით კარგად განვითარებული არ არის. რეაბილიტაციისთვის ძირითადად ისრაელსა და გერმანიაში მიდიან, სადაც ძალიან მაღალი ფასები არ არის, თუმცა ღირებულება კონკრეტულად პრობლემიდან გამომდინარე ითვლება," - აღნიშნა მარი ჟვანიამ.

მისივე თქმით, არის იშვიათი დაავადებები, გენეტიკური პათოლოგიები ან ბავშვებში მეტაბოლური დარღვევები, რასაც საქართველოში ვერ მკურნალობენ, ამიტომ ამ შემთხვევაშიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღება საზღვარგარეთ უწევთ.

"ასევე ხელის ქირურგიის სპეციალისტები არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში იშვიათა. მე სულ ორი ვიცი, გერმანიასა და შვეიცარიაში, ამიტომ ამ მომსახურების მისაღებადაც საზღვარგარეთ მიდიან".

არის თუ არა უცხოეთში მკურნალობა დიდ ხარჯებთან დაკავშირებული?

პაატა რატიანის თქმით, ეს მითია, რომელიც დღეისთვის სინამდვილეს არ შეესაბამება.

"ყოველთვის მოიძებნება მსოფლიოში მიმართულება, სადაც მკურნალობა შეიძლება უფრო იაფი ან მინიმუმ კონკურენტულ ფასებში იყო, ასე რომ აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კარგად შეფასება და მისი ფინანსური ინტერესების გათვალისწინება,“ - განმარტა რატიანმა.

მარი ჟვანიამ Allnews.ge-ს საზღვარგარეთ ყველაზე ძვირად ღირებული პროცედურაც დაუსახელა. მისი თქმით, ეს ქირურგიაა, რომელიც არამხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ საქართველოშიც ძვირად ღირებულია.

"ასევე ძვირადღირებულია ონკოლოგიური პაციენტების ქიმიოთერაპია, რომლის ფასებიც დაახლოებით 1 000$-დან იწყება და მედიკამენტების მიხედვით იზრდება," - აღნიშნა მან.

სამედიცინო ტურიზმის სპეციალისტის თქმით, ქართველები უცხოეთში ძირითადად, შორსწასულ დაავადებებს მკურნალობენ.
"ჩვენთან ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორ კვებასა და დაავადებების პრევენციას ყურადღებას ნაკლებად აქცევენ, აქედან გამომდინარე უცხოეთში ძირითადად, მძიმე დაავადებების კუთხით მკურნალობაზეა მოთხოვნა," - განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად მხოლოდ საქართველოდან არ მიდიან უცხოეთში, არამედ უცხოეთის მოქალაქეებიც ჩამოდიან, რისი მიზეზიც პაატა რატიანის თქმით, მკურნალობის ფასებია, თუმცა, მისივე შეფასებით, მათ მოსაზიდად დაბალი ფასი გადამწყვეტი არგუმენტი ვერ იქნება:

"აუცილებელია შესაბამისი სტრატეგიის არსებობა, გრძელვადიანი ხედვა და გარკვეული ნიშნების მოძებნა, რომელთა მეშვეობითაც შევძლებთ, რეგიონულად კონკურენტუნარიანები გავხდეთ. თუ ჩვენი ქვეყანა მთლიანობაში ეკონომიკურად მნიშვნელოვნად არ განვითარდა, საფუძვლიანად არ გაძლიერდა, მაღალი ხარისხის ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებაზე საუბარი ძალიან არასერიოზული იქნება და ეს იქნება უბრალოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი. უდავოა, რომ გვესაჭიროება განვითარების სულ სხვა, ბევრად უფრო აჩქარებული ტემპი და ეს სამედიცინო სექტორზე აუცილებლად სასიკეთოდ აისახება".

სამედიცინო ტურიზმის სპეციალისტი, მარი ჟვანიას ინფორმაციით, საქართველოში როგორც წესი პედიატრიული და სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად ძირითადად, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, არაბეთიდან, თურქეთიდან და საფრანგეთიდანაც ჩამოდიან, სადაც სტომატოლოგიური მომსახურება ძვირად ღირებულია.

myquiz