გიორგი ალიბეგაშვილი - ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა უნდა ჩაუტარდეთ | Allnews.Ge

გიორგი ალიბეგაშვილი - ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა უნდა ჩაუტარდეთ

საუბარი გვქონდა, რომ რესურსები გამოინახოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა სწორი მეტყველება შეძლონ, - ამის შესახებ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტში, განათლების და კულტურის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სურვილია და ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, რომ იქნებ რაღაცა რესურსები გამოინახოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჟურნალისტებს რაღაცა ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა მათ სწორი მეტყველება შეძლონ. მე ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ და პირდაპირ მეტყველების კულტურის სწავლება ხდებოდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ახლა იცით რა ხდება და როგორი ქაოსია, მიმდინარეობს ტერმინების აღრევა. იმ დღეს ჩვენი საამაყო რაგბისტების თამაშს ვუყურებდი, გამოდის ჟურნალისტი და ამბობს, "ძალიან კრეატიული რაგბისტია". კეკლუცობენ, რომ ტერმინები იციან. ბოდიში, მაგრამ ამ დროს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჟურნალისტებში ვგულისხმობ სპორტულ ჟურნალისტებსაც, ვინაიდან ახალგაზრდობა და საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ სპორტს უყურებს", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

ამასთან, "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ გამართული ქართულით მეტყველების მიზნით ჟურნალისტებისა და პედაგოგების სავალდებულო ტრენინგია საჭირო.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა გაიარონ სპეციალური ტრენინგი - სავალდებულო ტრენინგები, რადგან ყველაზე მეტი გავლენა არის ჟურნალისტებისგან და მასწავლებლებისგან. მასწავლებლები არ მეტყველებენ ხოლმე სწორი ქართულით, რაც გადაეცემათ მოსწავლეებს და ვერც მოსწავლეები მეტყველებენ სწორი ქართულით", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

myquiz