"ტერორისტობა და მასწავლებლობა ერთად არ შეიძლება" - მუსტაფა ემრე ჩაბუქის გზა სკოლიდან საპატიმრომდე | Allnews.Ge

"ტერორისტობა და მასწავლებლობა ერთად არ შეიძლება" - მუსტაფა ემრე ჩაბუქის გზა სკოლიდან საპატიმრომდე

საქართველოში 15 წლის წინ ჩამოვიდა. მაშინ არ ფიქრობდა, რომ ერთ დღეს შესაძლოა, საპატიმროში აღმოჩენილიყო, თან ტერორიზმის ბრალდებით.

თურქი მასწავლებელი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც დაკავების მომენტში დემირელის კოლეჯში ხარისხის მართვის მენეჯერის პოსტს იკავებდა, საქართველოში ჩამოსვლის წლებს იხსენებს. ჩაბუქი 1978 წელს სტამბულში დაიბადა. უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით დაამთავრა, საქართველოში კი 2002 წელს ჩამოვიდა. პროფესიით ფიზიკოსი თავდაპირველად ბათუმში, შაჰინის სახელობის თურქულ ლიცეუმში ასწავლიდა, რამდენიმე წელში სკოლის დირექციის ნდობა დაიმსახურა და სკოლის დირექტორიც გახდა.

შაჰინის სკოლის შემდეგ, მან პედაგოგიური საქმიანობა ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში გააგრძელა. ბოლოს კი თბილისში, დემირელის კოლეჯში გადავიდა. საქართველოში შექმნა ოჯახიც, მისი მეუღლე თუბა ჩაბუქიც განათლების სფეროში მუშაობს. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს, ორივე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ქართულ ენაზე სწავლობს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის სახელი საქართველოში ფართო საზოგადოებისთვის არ გახდებოდა ცნობილი, რომ არა მისი დაკავება. იგი 2017 წლის მაისში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს და ბრალად ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი დასდეს, კერძოდ, ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი Allnews.ge-სთან საუბრისას დაკავების წინაპერიოდს იხსენებს:

"დაკავებამდე მუქარა ჩემ მიმართ არ ყოფილა. თუმცა, როგორც იცით, თურქეთში სკოლებში პრობლემები შეიქმნა, მასწავლებლები დააკავეს, ამიტომაც ამის გამო ყველა დისკომფორტს განვიცდით.

ხოლო როდესაც დამაკავეს, ჩემმა მეუღლემ სოციალური მედიით არაერთხელ მიიღო მუქარის შემცველი გზავნილები. არ ვიცი ეს იყო საქართველოდან თუ თურქეთიდან. ძალიან ვნერვიულობდი ამ საკითხზე. ამიტომაც ჩემი ადვოკატის დახმარებით, მეუღლე და შვილები სახელმწიფო სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩართეს. ამავე პროგრამაში ჩართვას უახლოეს დღეებში ველოდები მეც", - ამბობს მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც გასულ კვირას 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თურქული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს. თუმცა, თურქ მასწავლებელს იმედი აქვს, რომ ეს არ მოხდება.

"მჯერა საქართველოს სასამართლოს, აქ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია. ამიტომაც მჯერა, რომ ისინი ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ანკარის პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგ მოამზადა, არ არის ნამდვილი. ამის დანახვა სასამართლოს მარტივად შეუძლია. არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველი, ასევე ქართველი ხალხი კარგად ხვდება თუ რა ხდება სინამდვილეში. ამიტომაც მჯერა, რომ საქართველოს სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს", - ამბობს ჩაბუქი.

თურქი მასწავლებელი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ღირსების შემლახველად მიიჩნევს. მისი თქმით, ტერორისტობა და მასწავლებლობა ერთად არ შეიძლება, ამ ორი სიტყვის ერთ წინადადებაში მოქცევაც კი წარმოუდგენელია.

"მე მასწავლებელი ვარ და საგანმანათლებო სფეროში ვმუშაობ. მიყვარს მოსწავლეები, ბავშვები. ეს ჩემი საქმეა, მე ამას სიყვარულით ვაკეთებ. ტერორისტი არ ვარ. როდესაც სასამართლო სხდომა იყო და პროკურორმა წაიკითხა ის დოკუმენტები, რომლებიც თურქეთიდან ჩემ წინააღმდეგ გამოგზავნეს, თავი ვერ შევიკავე,

ტირილი დავიწყე. არა იმიტომ რომ შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ ამით ჩემი პატივმოყვარეობა შეილახა.
ვინაიდან დარბაზში ისხდნენ ჩემი კოლეგებიც, რომლებთან ერთადაც 15 წელია ვმუშაობ და ჩემი კოლეგების თანდასწრებით მათ დამადანაშაულეს შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მდებია ჯიბეში. ცარცის მეტი არაფერი მიტარებია. ამიტომაც იმ სხდომის დავიწყებას, ალბათ, ვერასოდეს შევძლებ", - იხსნებს ჩაბუქი პირველ სასამართლო სხდომას.

როგორი იქნება ჩაბუქის შემდეგი ნაბიჯები, რას აპირებს და გეგმავს თუ არა სხვა ქვეყნისთვის თავშესაფრის მოთხოვნას? ამ შეკითხვებზე ზუსტი პასუხი არ აქვს. თუმცა, ერთი რამ, რაც ზუსტად იცის არის ის, რომ მას საქართველოში ცხოვრება სურს და თუ ამის შესაძლებლობას საქართველოს მთავრობა მისცემს, ის ბედნიერი იქნება:

"ჩვენ საქართველოს მთავრობას მივმართეთ თავშესაფრის თხოვნით, თუმცა, მათ არ დააკმაყოფილეს, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. აქ 15 წელია ვცხოვრობ, ჩემს ოჯახთან ერთად კი 11 წელია. მე ეს ქვეყანა მიყვარს. მკითხავთ რატომ? ქართველმა ხალხმა შემაყვარა ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, საქართველო კარგი ქვეყანაა, მაგრამ ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამიტომაც ჩემი სურვილია აქ დარჩენა. თუ ლტოლვითა სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა მომცემს უფლებას აქ ცხოვრების, რა თქმა უნდა, აქ დავრჩები. მაგრამ თუ ისინი მე ყველა კარს დამიხურავენ, მაშინ, რა თქმა უნდა, განვიხილავ სხვა ქვეყნისთვის თხოვნით მიმართვას".

Allnews.ge-მ ჩაბუქს აშშ-ში მყოფ სასულიერო პირზე ფეთულა გიულენზეც დაუსვა შეკითხვა, რომელსაც ერდოღანი პირად მტრად მიიჩნევს და მას ტერორისტად აღიარებს:

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

"გიულენის შეხედულებებს ვიცნობ მედია საშუალებებიდან და წიგნებიდან. ის არ არის სკოლების დამფუძნებელი, მფლობელი ან პარტნიორი, არც რაიმე წილი გააჩნია, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სკოლები მისი საკუთრებაა. გიულენს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა. მე კი ამ ორგანიზაციის წევრობაში მადანაშაულებენ. ვაცხადებ, რომ ცხოვრების განმავლობაში არ ვყოფილვარ არანაირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. არც სკოლის, არც პირადი საბანკო ანგარიშიდან არცერთი ფირმისათვის თუ ორგანიზაციისათვის არ გადამირიცხავს 1 თეთრიც კი. არც სხვა სახის დახმარება გამიწევია".

2016 წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ერდოღანის მთავრობამ სწორედ ფეთულა გიულენი დაადანაშაულა. მას შემდეგ, ამ ადამიანის სახელთან დაკავშირებული არაერთი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დაიხურა, მათ შორის, აზერბაიჯანშიც. საქართველოში ბათუმის შაჰინის ლიცეუმისა და დემირელის კოლეჯის გარდა, კიდევ რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაა გიულენის სახელთან კავშირში. კითხვაზე, ემუქრება თუ არა დახურვის საფრთხე მათაც, ჩაბუქი იმედს გამოთქვამს და ვარაუდობს, რომ არა. ვინაიდან მისივე ინფორმაციით, მაგალითად, მარნეულში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა ლიცეუმს ავტორიზაცია უკვე განუახლეს.

myquiz