სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულში" დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულში" მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი.
როგორც მღებრიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ზუსტი ციფრები დამწვარ ფართობთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს იქნება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია შენობის მესამე სართული, ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მეხანძრე-მაშველს. ადგილზე მობილიზებული გვყავდა 24 სახანძრო სამაშველო ტექნიკა, მუშაობდა 150 მეხანძრე-მაშველი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა
მისივე თქმით, ადგილზე დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერები.
"როგორც მოვიკითხეთ, ადგილზე იყო სათვალთვალო კამერები. სავარაუდოდ, შესაძლებელია დადგენა თუ საიდან გავრცელდა კერა. ასე რომ, გამოძიებას აქვს სამუშაო და ის იტყვის ზუსტ პასუხს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე", - აღნიშნა მღებრიშვილმა.