რატომ გამოიწვია ნაწარმოებმა "მოგზაურობა აფრიკაში" ახალგაზრდა გოგოს პროტესტი | Allnews.Ge

რატომ გამოიწვია ნაწარმოებმა "მოგზაურობა აფრიკაში" ახალგაზრდა გოგოს პროტესტი

"ბლ**დ... მერე აფხაზებმა რომ დაგიჭირონ და გაგ***ონ?! - ვახტანგ როდონაიას თანაავტორობით შედგენილ ქართული ენისა და ლიტერატურის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ნაწარმოებში ამოკითხული ეს ფრაზა თაკო გუნთაიშვილის პროტესტის მიზეზი და ჩაწერილი ფეისბუქმიმართვის მთავარი თემა გახდა. როგორც მოგვიანებით, Facebook მომხმარებელმა Allnews.ge-სთან საუბარშიც აღნიშნა მოცემულ ფრაზაზე მას ყურადღება საკუთარმა დამ სიტყვებით "ნახე რას მასწავლიან" გაამახვილებინა და იმ მომენტებზე მიუთითა, სადაც ნაწარმოების მთავარი გმირი წებოს სუნთქავს.

ვიდეოს ავტორმა გავრცელებულ ფეისბუქმიმართვაში, საზოგადოებას შესაბამის უწყებასთან დაკავშირებასა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში დახმარება სთხოვა, ჩვენთან საუბარში კი აღნიშნა, რომ დაწესებულებაში, სადაც მოსწავლემ განათლება უნდა მიიღოს ასეთი რამ სახელმძღვანელოში შეტანილი არ უნდა იყოს.

"კონკრეტულად სკოლაში და მით უმეტეს დაბალ კლასებში, ვფიქრობ, რომ სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს მსგავსი ტიპის ნაწარმოებები.

როდესაც ჩემს დას ვკითხე მითხრა, რომ ეს ყველაფერი ისედაც გვესმის და ისედაც ვიცითო, შესაძლებელია რომ ესმოდეს კი, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, მაგრამ ის, რომ სკოლა უწყობს ამ ყველაფერს ხელს ეს არის ჩემთვის მიუღებელი" - აღნიშნა თაკო გუნთაიშვილმა.

ნაწარმოები, რომელმაც მასში ამგვარი პროტესტის გრძნობა გმოიწვია ნუგზარ შატაიძის "მოგზაურობა აფრიკაშია". აღსანიშნავია, რომ ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია 2009 წელს შედგა და მას საზოგადოება "გაღმა ნაპირის" სახელწოდებით იცნობს. ნაწარმოები აფხაზეთიდან დევნილი და შემდგომ უკვე თბილისში მცხოვრები 12 წლის ბიჭის სირთულეებითა და წინააღმდეგობებით სავსე ისტორიას მოგვითხორს.

როგორც რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის მასწავლებელმა, შორენა ჭიღლაძემ განგვიმარტა, ნაწარმოები ზოგიერთ შემთხვევაში მეშვიდე კლასის პროგრამაშიც არის შესული, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული ნაწარმოების სწავლის პროცესში მას არასდროს შექმნია რაიმე სახის პრობლემა, მით უმეტეს, მოსწავლეების მხრიდან.

"მოგზაურობა აფრიკაში ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო ნაწარმოებია თავისი მეტაფორული სათაურით თუ სიუჟეტის განვითარებით. აქ არის აფხაზეთიდან დევნილი და შემდეგ უკვე თბილისის ქუჩებში მყოფი ბიჭის ისტორია, რომელსაც ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა, პირველ რიგში, ადამიანის დაფასება, გადაფასება. საკმაოდ მიზანმიმართული პიროვნებაა - ტყვარჩელში მიდის მამის მოსაძებნად და საინტერესო შთაბეჭდილებებითა და დასკვნებით ბრუნდება", - გვეუბნება შორენა ჭიღლაძე და ამასთანავე ამბობს, რომ არც კი იცის რატომ დაისვა ისეთი კითხვა, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ეს ნაწარმოები სკოლაში.

"ბიჭს, რა თქმა უნდა, აქვს უარყოფითი თვისებები, წებოს სუნთქავს, მაგრამ მოსწავლე უნდა დაფიქრდეს მისი რა თვისებებია მისაღები, რა მიუღებელი. ამ ნაწარმოებში მწერალი იყენებს, რა თქმა უნდა, სალიტერატურო ენისთვის მიუღებელ ფორმებს, აქ არის ბარბარიზმები, დიალექტიზმები, ჟარგონები, მაგრამ ბავშვი უნდა დაფიქრდეს, როდის იყენებს ამას ავტორი, რისთვის სჭირდება და საერთოდ რისი ჩვეება უნდა ამით. პერსონჟი, რომელიც ქუჩის სამყაროს წარმომადგენელია, ბუნებრივია, მეცნიერული ენით ვერ ისაუბრებს. ეს ლიტერატურასთან სულ ოდნავ მიახლოვებულმა მკითხველმაც იცის და ვფიქრობ, ამაზე დავაც არ ღირს. მე პირადად არ მქონია პრობლემა ამ თემასთან დაკავშირებით, პირიქით, ძალიან დიდი ინტერესით სწავლობენ", - გვითხრა მასწავლებელმა.

საკითხს უნდა ისწავლებოდეს თუ არა ნაწარმოები "მოგზაურობა აფრიკაში" სკოლაში ამავე სკოლის კიდევ ერთი მასწავლებელი ნანი ვარდია Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მოგზაურობა აფრკაში" ისევე, როგორც ნოდარ დუმბაძის "ჰელადოსი" უკვე ამოღებულია სასკოლო პროგრამიდან.

"იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ეს ორი შესანიშნავი ნაწარმოები აფხაზეთის თემას ეხება? აფხაზეთის ხსენება აღარ იქნება სკოლებში ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე - ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა" აღარ ისწავლება, რა ხანია, ახლა ეს ორი მოთხრობაც გაუყენეს მის გზას... რა იცით, იქნებ, აკაკის "გამზრდელიც" ზედმეტად ჩათვალონ გენდერული ძალადობის გამო? ან ქურდობის პროპაგანდა დაინახოს ვინმე შორსმჭვრეტელმა?..."ერთი ვინმე ახალგაზრდა აფხაზია ამ მთის შვილი" - ვინმეს, იქნებ, ესეც საეჭვოდ მოეჩვენოს?" - წერს ნანი ვარდია ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თაკო გუნთაიშვილი მასწავლებლების მსგავს პოზიციასა და დამოკიდებულებას ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა ნაწილის თქმით, მოსწავლეები საკმაოდ ადეკვატურად აღიქვამენ ნაწარმოებსა და კარგისა და ცუდის გამიჯვნა არ უჭირთ, მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის ნაწარმოებებს სკოლაში არ უნდა ასწავლიდნენ. თაკო გუნთაიშვილი მშობლებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და ამბობს რომ ის პირველი იქნება, ვინც ამ და სხვა მსგავსი ნაწარმოებების სახელმძღვანელოდან ამოღების მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე მივა.

myquiz