ხვალიდან დედაქალაქში "ანტიოკუპაციური ტაქსი" გამოჩნდება, რომლის მომხმარებლებიც მგზავრობის საფასურს თავად განსაზღვრავენ | Allnews.Ge

ხვალიდან დედაქალაქში "ანტიოკუპაციური ტაქსი" გამოჩნდება, რომლის მომხმარებლებიც მგზავრობის საფასურს თავად განსაზღვრავენ

ხვალიდან დედაქალაქში "ანტიოკუპაციური ტაქსი" გამოჩნდება, რომლის მომხმარებლებიც მგზავრობის საფასურს თავად განსაზღვრავენ.

"ანტიოკუპაციური ტაქსის" იდეა მოძრაობას "ძალა ერთობაშია" ეკუთვნის. როგორც მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, ეს არის სოციალური პროექტი, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგაა მიმართული.

ჯერჯერობით ქალაქში მხოლოდ ერთი ტაქსი იმოძრავებს, რომელსაც "ანტიოკუპაციური ტაქსი" ეწერება.

"ეს არ არის კომერციაზე გათვლილი, არამედ არის სოციალური პროექტი და ის თანხა, რასაც "ანტიოკუპაციური ტაქსი" გამოიმუშავებს, მოხმარდება ანტიოკუპაციურ მოძრაობასა და იმ მისიას, რომელსაც საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ჩვენ უკვე თითქმის 7 თვეა ვაწარმოებთ. ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებლები იქნებიან მოქალაქეები, რომელთაც ოკუპაციის საკითხი აწუხებთ" - აღნიშნავს დავით ქაცარავა.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, "ანტიოკუპაციური ტაქსი" მიმართული იქნება ამავე საქმიანობაში ჩართული რუსული კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.

"კომპანიას თავის საიტზე საქართველო ოკუპირებულ მდგომარეობაში ჰქონდა ნაჩვენები ანუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ჩვენ მათ პასუხს აუცილებლად გაცემთ. ჩვენს ტაქსიში ეკრანზე გავა რუსეთის ოკუპაციური ქმედებების ამსახველი მასალები, 1 800-იანი წლებიდან მოყოლებული. რაც შეეხება მძღოლებს, ისინი არა დაქირავებული პირები, არამედ ჩვენივე მოძრაობის წარმომადგენლები იქნებიან, მათ შორის მეც. მოთხოვნა უკვე მიწოდებაზე მაღალია და შევეცდებით, ამ ტალღას ავყვეთ. მოქმედებას ჯერ პირველი ნაბიჯებით ვიწყებთ," - აღნიშნავს დავით ქაცარავა.

მისი თქმით, "ანტიოკუპაციური ტაქსით" კვირაში ერთხელ რუსეთის ოკუპაციის მოწინააღმდეგე ცნობილი სახეები იმგზავრებენ და ამ საკითხზე ისაუბრებენ, რასაც Faceook Live რეჟიმში მოქალაქეები ნახავენ.

myquiz