რამდენად საშიშია ჩუტყვავილა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დაავადების შემთხვევაში | Allnews.Ge

რამდენად საშიშია ჩუტყვავილა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დაავადების შემთხვევაში

რა უნდა გავითვალისწინოთ ჩუტყვავილას შემთხვევაში? საკითხზე allnews.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ესაუბრა. იმნაძის განმარტებით, ჩუტყვავილა ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ინფექციაა, რომელიც ძირითადად, 1-დან 6 წლამდე ბავშვებშია გავრცელებული და მაღალი ტემპერატურითა და გამონაყარით ხასიათდება, გართულების შემთხვევაში კი მიმდინარეობს ინტოქსიკაცია.

"საქართველოში ყოველწლიურად ჩუტყვავილას 8 000 ან 10 000 შემთხვევა ვლინდება ხოლმე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. წელს ჩვენი პროგნოზით, ნაკლები შემთხვევა დაფიქსირება, არავითარ ეპიდემიაზე აქ ლაპარაკი არ არის. ეს არის ძალიან მსუბუქად მიმდინარე დაავადება, რომლის სიმპტომები ნებისმიერი ჩვენგანისთვის ცნობილია. ჩუტყვავილას მიმდინარეობის დროს ხშირად ექიმის ჩარევაც არ არის ხოლმე საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილა ყოველწლიურად 1000-ობით ბავშვს გადააქვს, სამწუხაროდ, შეიძლება აღმოჩნდეს შემთხვევები, როცა მდგომარეობა მძიმდება, საბავშვო ბაღის აღსაზრდელის შემთხვევაც ძალიან სამწუხაროა. ჩუტყვავილას შემთხვევაში ლეტალური შედეგი შეიძლება, რაიმე თანმხლებ დაავადებებთან იყოს დაკავშირებული," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში წითელას შემთხვევები გაიზარდა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

მისივე განმარტებით, ჩუტყვავილა ძალიან ადვილად გამოსაცნობი დაავადებაა, თუმცა გართულებების თავიდან ასაცილებლად, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია, ექიმს მივმართოთ.

"ჩუტყვავილას სიმპტომატიკა შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თუ ბავშვს მაღალი სიცხე და გამონაყარი აქვს, უმჯობესია, ექიმს მივმართოთ და ის გადაწყვეტს, რა ტიპის მკურნალობა უნდა დაინიშნოს. ეს ძალიან იოლად გადატანადი დაავადებაა და არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ის არ გადაუტანია," - აღნიშნა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი განმარტავს, რომ თუ ბავშვებში ჩუტყვავილა ადვილად გადატანადი დაავადებაა, უფროსების შემთხვევაში შესაძლებელია, მდგომარეობა დამძიმდეს და მაღალ ტემპერატურასა და გამონაყარს თან ახლდეს ინტოქსიკაცია, ამიტომ უფროსების შემთხვევაშიც ექიმის ჩარევა მნიშვნელოვანია.

პაატა იმნაძე ასევე აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში, ჩუტყვავილას გეგმიური ვაქცინა არ ტარდება.

"ჩუტყვავილას გეგმიური ვაქცინა მხოლოდ აშშ-ში ტარდება, ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც კი აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის, რადგან მისი სახელმწიფო პროგრამები თითქმის არსად ტარდება და კომერციულ სექტორშიც აღნიშნული ვაქცინის ძალიან ცოტა მწარმოებელია.

საქართველოში შარშან ჩუტყვავილას ვაქცინა ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მოთხოვნის სიმცირის გამო ვერ გაიხარჯა და აღარ შემოაქვთ. თუ მოთხოვნა გაიზრდება, ვაქცინასაც შემოიტანენ," - დასძინა პაატა იმნაძე.

myquiz