თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული ხეების ნაწილი შესაძლოა, დედაქალაქის კლიმატისთის შეუსაბამო იყოს | Allnews.Ge

თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული ხეების ნაწილი შესაძლოა, დედაქალაქის კლიმატისთის შეუსაბამო იყოს

50-ზე მეტი სახეობის ხე-მცენარისგან, რომელიც თბილისის მერიამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი თბილისის კლიმატური პირობებისთვის შეუსაბამო აღმოჩნდეს. როგორც Allnews.ge-ს თბილისის ბოტანიკური ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექციების ინტროდუქციის განყოფილების გამგემ, ექსპერტმა სვეტლანა ხმალაძემ განუმარტა, ის მიესალმება თბილისის მერიის მიერ წარდგენილ მერქნიან მცენარეთა ჩამონათვალს, რომელიც თბილისის გამწვანებაში იქნება გამოყენებული და აღნიშნავს, რომ მცენარეთა დიდი ნაწილი თბილისის პირობების მიმართ ადაპტირებულია და სწორი ადგილმდებარეობის შერჩევის შემთხვევაში მათი შემდგომი გამოყენება გაამრავალფეროვნებს ქალაქის გამწვანებას, თუმცა სპეციალისტს ზოგიერთ თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებულ სიაში მცენარეთა დიდი ნაწილის შენარჩუნება სწორი ადგილმდებარეობის შერჩევის შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა სპეციალისტს რიგ სახეობებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.

მისი თქმით, დაახლოებით 6 სახეობის ხე-მცენარე, ძირითადად, ტენიანი კლიმატის მოყვარულია, ამიტომ თბილისის პირობებში მათი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იქნება. ასეთ სახეობებს წარმოადგენს  ტიტას ხე, მარწყვის ხე, იაპონური ძელქვა, ვირჯინიის მუხა, ამბრის ხე და, მათ შორის, კორპის მუხაც, რომლის ქალაქის პირობებისთვის შეგუების საკითხს სვეტლანა ხმალაძე ეჭვქვეშ აყენებს.

"პრიორიტეტულ ჩამონათვალში წარდგენილი ხეების ძირითადი ნაწილი ქალაქის გამწვანებაში ჩვენ უკვე გვაქვს და ბოტანიკურმა ბაღმა, როგორც ამ პროცესში ჩართულმა ორგანიზაციამ მათ უმეტეს ნაწილზე რეკომენდაცია გასცა, თუმცა ექსპერტის აზრით, სიაში გვხვდება ისეთი სახეობები, რომლებიც თბილისის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ქუჩის გამწვანებაში საკმაოდ ძნელად გასახარებელია. მაგალითად, ასეთია ტიტას ხე,რომელიც ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში. იზრდება ხეობებში, დაბლობებსა და ფერდობებზე. მეზოფიტია, თბილისში მნიშვნელოვნად ზიანდება ნიადაგის და ატმოსფეროს სიმშრალის გამო. ასევე მარწყვის ხე, რომელიც ბუნებრივად გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში და მკაცრ ზამთარში (-8-9 გრადუსი) ზიანდება. იგი იმსახურებს ფართო გავრცელებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე - ბათუმსა და ქობულეთის ბაღ-პარკებში; წითელი მუხა მეზოფიტია, აღმოსავლეთ საქართველოში გვალვისგან მნიშვნელოვნად ზიანდება, მოურწყავად ხმება.ატმოსფერულ გვალვას იტანს მხოლოდ ახალგაზრდობაში. შემდეგ კი გვალვასთან ერთად ხირხატიანი ნიადაგის გავლენით, ხმება. " - განმარტავს სვეტლანა ხმალაძე.

მისი განმარტებით, თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი ხე-მცენარეების ჩამონათვალი გათვალისწინებულია, როგორც ქალაქის ქუჩებზე, ისე სკვერებზე, თუმცა, თუმცა როდესაც სახეობების შერჩევა ხდება აქცენტი უნდა გაკეთდეს აუცილებლად მცენარის ეკოლოგიაზე. მაგალითად ვირჯინიის მუხა, ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში - ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და მექსიკის ყურეში და თბილისის გვალვას მიჩვეული არ არის," - განმარტავს სვეტლანა ხმალაძე.

"გამძლეობის თვალსაზრისით კორპის მუხაც ეჭვქვეშაა. იგი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში. უჭირავს ზღვის სანაპირო სარტყელი 400-500 მეტრამდე კულტურაში საკმაოდ გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე. სითბოსა და ტენის მოყვარულია, ზიანდება -10 -15 გრადუს ტემპერატურაზე. აღმოსავლეთ საქართველოში კულტურაში გვხდება შედარებით ტენიან რაიონებში (ლაგოდეხში, ყვარელში თელავში ). თბილისის გამწვანებაში მისი ერთელი ეგზემპლარები იზრდება მხოლოდ ტენიან ადილებში.

ასევე ძალიან ეჭვქვეშ არის იაპონური ძელქვას საკითხი. ეს სახეობა შედარებით უფრო სითბოსა და ტენიანობის მოყვარულია. ვერ იტანს ატმოსფერულ და ნიადაგურ გვალვას. თბილისში გვალვისგან ძალიან ზიანდება მორწყვის შემთხვევაშიც კი. იაპონური ძელქვა შეიძლება ჩვენი, ჩვეულებრივი ძელქვათი ჩავანაცვლოთ. ტერიტორიის გამწვანების დროს მცენარეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და ადგილის სწორად შერჩევა ესაჭიროება. მაგალითად, ქუჩების გამწვანებაში თათრული ნეკერჩხლის, ჭალაფშატის ან ოქროწვიმის დარგვა შესაფერისი არ იქნება, მათი დარგვა პარკებში და სკვერებში ჯგუფებად უმჯობესია," - განმარტავს სვეტლანა ხმალაძე.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მუხის სახეობების საკითხიც, რომლისთვისაც სწორი ადგილების შერჩევა უნდა მოხდეს. "როგორც წესი მუხის ფესვს შენობების დანგრევა შეუძლია, ამიტომ უმჯობესია, თუ ისინი გზების გამყოფ ნაწილებში, ბაღ- პარკებსა და სკვერებში დაირგვება," - აღნიშნა ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ჩამონათვალში არის მცენარეთა რამდენიმე სახეობა, რომელიც მხოლოდ პარკებსა და სკვერებში უნდა დაირგოს და არა ქალაქის ქუჩებში, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ გამწვანება როგორც განაშენიანებულ მიდამოებში, ისე სკვერებშიც მოხდება.

"ბოლო 12-15 წელია, რაც პარკების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის და უფრო ინტენსიურად მუშაობაა საჭირო. კორპუსები ისე მჭირდოდ შენდება, რომ იქ ხეების დარვგვა უკვე შეუძლებელი ხდება, ამიტომ ამ საკითხს მერიამ აუცილებლად უნდა გადახედოს. გამწვანება როგორც ესთეტიკური, ისე სასიცოცხლო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მწვანე ზონების არარასებობა ადამიანების განწყობაზე, ფსიქოლოგიაზე პირდაპირ აისახება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ბუნებასთან შეხება, რკინა-ბეტონის ჯუნგლებში რომ ვცხოვრობთ, ეს დაძაბულობასა და სტრესს იწვევს. ქალაქში კიდევ არის საშუალება, რომ უფრო მეტი სკვერი მოეწყოს და გამწვანება გაიზარდოს," - განმარტა ბოტანიკური ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექციების განყოფილების გამგემ, სვეტლანა ხმალაძემ.

როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქოს სამსახურში აცხადებენ, თბილისის მერიამ დაიწყო მოკვლევა, თუ ჩამოთვლილთაგან რომელი მცენარეები შეიძლება იყოს ქალაქის კლიმატისთვის შეუსაბამო. სამსახურის წარმომადგენლის, თამარ შარაშიძის თქმით, ის ეთანხმება ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლის მოსაზრებას გარკვეული ხე მცენარეების შეუსაბამობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ჩამონათვალის შერჩევაში ჩართულები იყვნენ როგორც საზოგადოება, ისე ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები და მათი მოსაზრებების გათვალისწინება მოხდა.

"ვეთანხმები ექსპერტს, ზოგიერთი სახეობა შეიძლება თბილისის კლიმატური პირობებისთვის შეუსაბამო იყოს, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე ტეროტორიების იდენტიფიცირებას და იმ მცენაარების ნუხსის შედგენას ვახდენთ, რომელიც აქამდე არსებობდა. ჩამოთვლილ ხეებში არის გვალგვაგამძლე და ისეთი სახეობის ხეები, რომლებიც არსებულ არქიტექტურასთან შესაბამისობაშია. მათი შერჩევისას გათვალისწინებული იყო როგორც ნიადაგი, ისე კლიმატი, განაშენიანება და სხვა პირობები" - აღნიშნა თამარ შარაშიძემ.

მისივე თქმით, მცენარეების მოვლისთვის თბილისის მერია შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.

myquiz