საქართველოში გავრცელებულ სიმსივნეებზე ონკოლოგი საუბრობს | Allnews.Ge

საქართველოში გავრცელებულ სიმსივნეებზე ონკოლოგი საუბრობს

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სამი სახის სიმსივნური დაავადებაა - სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 615 შემთხვევით, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები 1 417 შემთხვევით და სასუნთქი სისტემისა და გულმკერდის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელიც 930-ჯერ დაფიქსირდა - ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები.

როგორც ცენტრიდან იუწყებიან, 2017 წელს საქართველოში სიმსივნური დაავადებები გამოვლენის 8 279 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს ხელმძღვანელის, ნანა მებონიას შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშო არ არის და მოცემული ავადობა იმ დონეს შეესაბამება, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება ხოლმე. კერძოდ, 2015 წელს საქართველოში სიმსივნური დაავადებების გამოვლენის 10 506 შემთხვევა გამოვლინდა, 2016 წელს კი მაჩვენებელმა მცირედით იკლო და 10 097 შემთხვევა დაფიქსირდა.

ნანა მებონიას განმარტებით, სამივე სახის სიმსივნური დაავადება, არამხოლოდ საქართველოშია ყველაზე გავრცელებული, არამედ მსოფლიოშიც.

"ძუძუს კიბო ჰორმონდამოკიდებული დაავადებაა. ის ქცევით რისკის ფაქტორებთან შედარებით სუსტად არის ასოცირებული (თამბაქო, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება). ძუძუს კიბოს ტენდენციებს ძირითადად რეპროდუქციული ფაქტორები განაპირობებენ, მაგალითად პირველი სრული ორსულობა მოგვიანებით ასაკში, შვილების მცირე რიცხვი, ძუძუთი კვებაზე უარის თქმა. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ურბანიზაცია და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, ანე ე.წ. პოპულაციის დაბერება, რაც უფრო მეტია ასაკოვანი პოპულაციის ხვედრითი წილი, მით მეტია ონკოლოგიური დაავადებებით ავადობა. აზიის ქვეყნებში ზრდის ტენდენცია დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრებითაა გაპირობებული," - განმარტავს ნანა მებონია.

საქართველოში მესამე და მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობა უკვე შესაძლებელია

რაც შეეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, ნანა მებონიას ინფორმაციით, მათი რისკი ასაკთან ერთად იზრდება. მართვად რისკის ფაქტორებს, რომლებთანაც დაავადების მზარდი ტენდენციაა ასოცირებული, მიეკუთვნება სიმსუქნე, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და თამბაქო.

"მსოფლიოში კუჭის კიბოთი ავადობა მეხუთე ადგილზეა ფილტვის, ძუძუს, კოლორექტალური და პროსტატის კიბოს შემდეგ. კუჭის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ორივე სქესში მესამე ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებათა სიკვდილიანობას შორის.

პათოგენური მიკროორგანიზმი H. pylori-ით გამოწვეული ქრონიკული ინფექცია კუჭის კიბოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რომელთანაც ყოველწლიურად მსოფლიოში კუჭის კიბოს ახალი შემთხევების თითქმის 60%-ია დაკავშირებული. განვითარებად ქვეყნებში H. pylori-ის პრევალენტობა მაღალია (74%) განვითარებულთან შედარებით (58%)," - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, სასუნთქი სისტემისა და გულმკერდის ღრუს სიმსივნური დაავადებების ახალი შემთხვევების მაჩვენებლებს ამ ეტაპზე თამბაქოს მოხმარება განსაზღვრავს, რომელიც ფილტვის კიბოს განვითარების ძირითადი ფაქტორია. ნანა მებონიას ინფორმაციით, ის ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის 50-80%-ზეა პასუხისმგებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ სიმსივნური დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად სახელმწიფო უფასო სკრინინგ პროგრამას ატარებს, მათ შორის ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატას და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევებს.

მაკა მაღლაკელიძე, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, განმარტავს, რომ მსოფლიოში შეინიშნება სიმსივნური დაავადებების ზრდის ტენდენცია.

"ის, რომ ბოლო წლების მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება, ეს კლების ტენდენციას ცალსახად ვერ გამოკვეთს, თუმცა როგორც 8 000, ისე 10 000 საკმაოდ მძიმე რიცხვია და ჩვენს პოპულაციაში ყოველდღიურად დაახლოებით 27-28 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ანუ საათში ერთხელ ადამიანს ეს დიაგნოზი უდგინდება. სწორედ ამიტომ სახელმწიფო ყველა ღონეს იყენებს იმისთვის, რომ ამ სიმსივნური დაავადებების გამოვლენა რაც შეიძლება ადრეულ სტადიაში მოხდეს. მკურნალობის ეფექტურობა სიმსივნური დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული," - განმარტავს მაკა მაღლაკელიძე.

ონკოლოგის თქმით, პირველ-მეორე სტადიაში გამოვლენილი სიმსივნური დაავადების მკურნალობა ეფექტურია და ხშირად სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, - "მიუხედავად ამისა, ამ პრობლემით მომართვიანობა სკრინინგ ცენტრებში, ონკოლოგებთან და მკურნალ ექიმებთან ჯერ კიდევ ძალიან გვიან სტადიებზე რჩება", - აღნიშნავს ის.

მაკა მაღლაკელიძე ასევე განმარტავს, რომ ავთვისებიანი სიმსივნეების რაოდენობა ბავშვებშიც მაღალია და ძირითადი რაოდენობა ლეიკემიაზე მოდის, - "ასეთი დაახლოებით 200-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი პოპულაციისთვის საგანგაშოა," - დასძენს ის.

რაც შეეხება საქართველოში გამოვლენილ სხვა სიმსივნურ დაავადებებს, 2017 წელს ფარისებრი და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების 885, ქალის სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების 872 და საშარდე სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეების 786 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ჩამოთვლილისა, საქართველოში გავრცელებულია სხვა სიმსივნური დაავადებებიც, თუმცა, შედარებით მცირე რაოდენობით.

myquiz