ნაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა - ნაცემი მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი | Allnews.Ge

ნაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა - ნაცემი მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი

ნაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, ნაცემია კერძო სკოლა "ლამპარის" მე-10 კლასის მოსწავლე.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ დაპირისპირებას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარი უთანხმოება.

ნაძალადევის მე-12 საშუალო სკოლის დირექტორი მედეა გურგენიძე ადასტურებს, რომ მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად ნაცემია ერთი მოსწავლე, რომელიც კერძო სკოლა "ლამპარში" სწავლობს.

"ჩვენ სკოლაში დაშავებული არ გვყავს. დაშავებულია კერძო სკოლა "ლამპარის" მოსწავლე. ახლა ვერკვევი სიტუაციაში. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ჩემი სკოლის მოსწავლე იქ. ბავშვებზე, რომლებზეც ეჭვი აქვთ, ისინი მე-6, მე-7 გაკვეთილებზე იყვნენ. მე ვიცი, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები ინცინდენტში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ დაზუსტებითაც ვერ გეტყვით. დაშავებულია მე-10 კლასის მოსწავლე. სკოლა ვინც დატოვა და იქ იდგა, იმ ბავშვებზეა საუბარი ჩვენი სკოლიდან და გვთხოვენ მათ შესახებ ინფორმაციას. ესენი არიან მე-8 და მე-9 კლასელები. სასწრაფო დახმარების სამსახური ჩვენმა მანდატურმა გამოიძახა, რადგან ის ბავშვი ძალიან ცუდ, არასასიამოვნო მდგომარეობაში ნახა. მოსწავლეს გონება დაკარგული არ ჰქონია, ჩვეულებრივად ადეკვატური იყო, მაგრამ ბავშვი არ იყო სასიამოვნო მდგომარეობაში. ეს ვიცი მანდატურისა და პედაგოგისგან, თვითონ ბავშვი არ მინახავს. ამიტომაც გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს კლინიკაში. მას ჰკითხეს ვინ სცემა, თუმცა, არ ასახელებს", - განაცხადა გურგენიძემ.

მისივე ინფორმაციით, სკოლაში ამ დრომდე რჩება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

მე-12 საშუალო სკოლისა და კერძო სკოლა "ლამპარის" მოსაწვლეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება დაწყებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, სკოლის მოსწვლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში.

გამოძიება სსსკ-ს 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

myquiz