ექიმი დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს - ახალი დეტალები გუშინ მომხდარის შესახებ | Allnews.Ge

ექიმი დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს - ახალი დეტალები გუშინ მომხდარის შესახებ

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა, საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ. სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია. დღევანდელი დღისთვის რაიმე გართულებას ან ახალ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. გრძელდება მკურნალობა, შეფასება, მდგომარეობის შესწავლა, ვნახოთ როგორ გაგრძელდება", - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილის პალატაში გადაყვანამდე ჯერ მთელი რიგი პროცედურებია.

"მაგ ეტაპამდე ჯერ კიდევ მისასვლელი ვართ, მთელი რიგი პროცედურებია. ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი", - განაცხადა ქარცივაძემ.

ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დამატებითი ოპერაციის საკითხი არ განიხილება.

როგორც ცნობილია, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში გუშინ დილით თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს.

დიღმის მასივში, გუგეშაშვილის საცხოვრებელი ბინის კარი უკვე დალუქულია. იმ ადგილზე, სადაც გუშინ მკვლელობა და დაჭრა მოხდა, სამართალდამცველებს უკვე დასრულებული აქვთ სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოები. საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია ასევე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და დიღმის ტყე-პარკში.

რაც შეეხება მეზობლების ნაწილს, ისინი ჟურნალისტებთან კონტაქტს დღეს თავს არიდებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი კვლავ იხსენებს გუშინ მომხდარ ფაქტს. მეზობლები ამბობენ, რომ შემთხვევის დროს გაიგეს ხმაური, თუმცა გასროლის ხმა არ გაუგიათ. ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა წუხელ დაკითხეს.

დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის ცხედარი სვანეთის უბანში, ბიძის სახლში უკვე გადაასვენეს. დოდო გუგეშაშვილის ნათესავი თემურ გუგეშაშვილი მომხდარს რაიმე სახის ანგარიშსწორებას ან შურისძიებას ვერ უკავშირებს. ის გამოძიების შედეგებს და დამნაშავის დაკავებას ელოდება.

"ასეთ საქციელს ადამიანი არ სჩადის. დოდოს წარსულს ამ ამბავს ვერ დავუკავშირებ, რადგან დოდო იყო ყველას გაჭირვების ტალკვესი მთელი თავისი ცხოვრება. რა მოხდა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ვერაფერს ვერ ვუკავშირებ მომხდარს. უნდა დაველოდოთ დოდოს მდგომარეობიდან გამოსვლას და მის ჩვენებას. ნოდიკოს ყველა ახასიათებს, როგორც თბილ და კეთილშობილ ადამიანს", - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.

თემურ გუგეშაშვილს არ აქვს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში იყო თუ არა დოდო გუგეშაშვილის ან მისი შვილის მიმართ რაიმე მუქარა.

"რომ ვიცოდე ვინ არის ამ დანაშაულის ჩამდენი, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ვერ დასჯის შესაბამისად, მე პირადად გავუსწორდებოდი", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

myquiz