რამდენმა ავტომობილმა ვერ გაიარა სავალდებულო ტექდათვალიერება - იხილეთ იანვრის შედეგები | Allnews.Ge

რამდენმა ავტომობილმა ვერ გაიარა სავალდებულო ტექდათვალიერება - იხილეთ იანვრის შედეგები

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგად 2018 წლის 3 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 7 209 ავტომობილი შეამოწმეს, საიდანაც 1654 ხარვეზიანი, ხოლო 5 555 გამართული აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიაწოდა.

შეგახსენებთ, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) ეხებათ.

ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე.

კერძოდ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების შემდგომ ეტაპზე, 2018 წლის 1-ლი ივლისიდან ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები.

1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

მომდევნო ეტაპზე - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.

myquiz