52 წლის პედაგოგი სოფელ ბალიჭიდან, რომლის მიერ შექმნილი ბიოსაპნით ჰოლანდიელები და კორეელები დაინტერესდნენ | Allnews.Ge

52 წლის პედაგოგი სოფელ ბალიჭიდან, რომლის მიერ შექმნილი ბიოსაპნით ჰოლანდიელები და კორეელები დაინტერესდნენ

52 წლის მაია დევნოზაშვილი დმანისის ტყეებში სამკურნალო მცენარეებს თავად აგროვებს, ამაში მას ზოგჯერ შვილიშვილებიც ეხმარებიან, შემდეგ კი შეგროვილი მასალით რამდენიმე სახეობის ნატურალურ სამკურნალო საპონ "დემას" ამზადებს, რომლისთვისაც თბილისის აფთიაქებში შესაძლოა, თვალი არაერთხელ მოგიკრავთ. მაია გეოგრაფიის პედაგოგია ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ ბალიჭში, იგი უკვე ორი წელია ბიოსაპონს თავად აწარმოებს.

მცენარეების მედიცინაში გამოყენებით ბავშვობაში დაინტერესდა, უცხოურ და ქართულ ლიტერატურას გაეცნო, სხვადასხვა ტექნოლოგია შეისწავლა და მოგვიანებით სამკურნალო მალამოსა და საპნის სახლში დამზადება დაიწყო. მაიას სტარტაპმა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში 5 000 ლარის ოდენობით დაფინანსება მოიპოვა, რითიც საპნის დასამზადებლად დანადგარები შეიძინა.

"საოჯახო მედიცინა ყოველთვის მაინტერესებდა. თავდაპირველად, ვარკვევდი რომელი მცენარე რისთვის გამოიყენებოდა, როდის და რატომ უნდა შეგროვილიყო და ვამზადებდი ძალიან სასარგებლო მალამოს, რომელიც პრობლემური კანის, მათ შორის დამწვრობის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. მალამომ დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ გამიჩნდა სურვილი, საპონიც გამეკეთებინა.

საპონი, სახელად "დემა" როგორც სამკურნალო (გამონაყარისთვის, გაღიზიანებული კანისთვის, თმის ცვენისთვის, ქერტლის საწინააღმდეგოდ), ისე ყოველდღიური ჰიგიენის დასაცავად გამოიყენება. "ვამზადებ ნატურალური პროდუქციისგან, ვიყენებ მცენარეულ ცხიმს, მაგალითად, ზეითუნის ზეთს, ასევე ეთერზეთებს და არანაირ ქიმიურ დანამატს არ ვურევ", - განმარტავს მაია დევნოზაშვილი Allnews.ge-სთან საუბარში.

ისევე როგორც დამუშავების, შეგროვების პროცესიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. როგორც მაია ამბობს, ზოგიერთი მცენარე სეზონურად უნდა შეგროვდეს, მაგალითად, ყვავილობის პერიოდში. რაც შეეხება მათ საპონში გამოყენებას, გაშრობის პროცესიც განსხვავებულია, ზოგი ქარიან ადგილში შრება, ზოგი მზეზე, ან ჩრდილში. რაც მთავარია, სტარტაპერმა ყველაფერი დეტალურად იცის და თავის საქმესაც დიდი ენთუზიაზმით და გულმოდგინედ აკეთებს.

საპონს ბავშვობაში ბებია ამზადებდა, მისი იდეის ბიზნესად ქცევა კი სწორედ მაიამ გადაწყვიტა. იგი ამბობს, რომ წარმატების იმედი ჰქონდა, რადგან დაინტერესება დიდი იყო. ოჯახის წევრები "დემას" პოპულარიზაციაში ეხმარებიან.

"საპონი გამოფენაზე მქონდა გატანილი, შედეგად პროდუქტით ჰოლანდიისა და კორეის წარმომადგენლები დაინტერესდნენ და მქონდა ექსპორტის შანსიც, თუმცა ამისთვის საჭიროა სერთიფიკატი, რომ ნამდვილად ბიო როდუქტს ვამზადებ და ახლა მის ასაღებად ვმუშაობ", - აღნიშნავს მაია დევნოზაშვილი.

52 წლის მაია პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, საკუთარი მცირე ბიზნესის განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, იგი მომავალში ჭურჭლის სარეცხი საშუალების დამზადებასაც აპირებს. მანამდე კი მსურველს მის მიერ შექმნილი ბიოსაპონის შეძენა უკვე შეუძლია. მაიას თქმით, საპონი "დემა" სოფელი ბალიჭიდან უკვე საკმაოდ მოთხოვნადია.

myquiz