მოსწავლეებს საშუალო სკოლებში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ | Allnews.Ge

მოსწავლეებს საშუალო სკოლებში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ

განათლების და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში პროფესიული უნარების განმავითარებელი აქტივობების ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. პროექტის თანახმად, ახალგაზრდებს საშუალო სკოლებში სრულფასოვანი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსმა მარიკა ზაქარეიშვილმა განუცხადა, საპილოტე პროექტში, რომელშიც გასულ წელს 3000 მოსწავლე ჩაერთო, წელს გეოგრაფიულ არეალს ზრდის და მასში ჩართვის უფლება ნებისმიერ სკოლას ექნება.

"UNDP-თან და განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ერთად დავიწყეთ ადაპტირებული პროგრამები სკოლის მოსწავლეებისთვის. თავიდან, პროფესიულ სასწავლებლებთან ახლოს მდებარე სკოლებიდან მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სურვილის შემთხვევაში პროგრამაში ჩართულიყვნენ და ორთვენახევრის განმავლობაში სხვადასხვა უნარები გამოემუშავებინათ. კვირაში ორჯერ, ორსაათნახევრიანი პროგრამა იყო. ბავშვები მიდიოდნენ პროფესიულ სასწავლებელში. პილოტირებამ გაამართლა, მაგრამ ყველა მოსწავლისთვის ეს არ იყო ხელმისაწვდომი, რადგან სკოლებთან ახლოს ყველგან არ არის პროფესიული სასწავლებელი. მივიღეთ გადაწყვეტილება და მალე გამოცხადდება საგრანტო კონკურსი სკოლებისთვის. ისინი თავად აირჩევენ, რომელი პროფესიული მიმართულებაც უნდათ პროგრამის წარმართვა, შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ აღჭურვილობა, მასწავლებლის ხელფასი, ტრანსპორტირების ფული, ა.შ. იქნება საშუალება, პროფესიული კოლეჯების პედაგოგები მივიდნენ სკოლაში და სკოლის პედაგოგებთან ერთად ასწავლონ ბავშვებს. სესია გაკვეთილების შემდეგ მაქსიმუმ საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. წელს ნებისმიერ სკოლას შეეძლება ამ კონკურსში მონაწილეობა, ოღონდ განაცხადი უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ნამდვილად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილები და სკოლას აქვს შესაბამისი სივრცე ამ მეცადინეობისთვის. აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ სკოლას რჩება. მაგალითად, შარშან კასპის ერთ-ერთ სკოლაში პროფესიულმა კოლეჯმა "იკაროსმა" განახორციელა ეს პროექტი და თუ ამ სკოლას ისევ ექნება სურვილი, რომ საგრანტო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მას პროფესიული კოლეჯის მასწავლებლის დახმარება აღარ დასჭირდება, მასწავლებელს თვითონ ეს სკოლა გამოყოფს. შარშან 200 სკოლა ჩაერთო ამ პროგრამაში და 3000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ კურსის გავლა მოსწავლეს შრომით უნარებს უვითარებს. "უმაღლებს დამოკიდებულებას ხელით გასაკეთებელი საქმეების მიმართ, რაც საქართველოში სამწუხაროდ გარდასატეხია. უვითარებს აკადემიურ უნარებს პრაქტიკასთან ერთად. კულინარიას როდესაც სწავლობდნენ, იქ ქიმიის ცოდნაც აუცილებელი იყო. მათემატიკაც უნდა სცოდნოდათ აწონვის და გაზომვის დროს და რაც მთავარია ამას აქვს პროფორიენტაციული ხასიათი. ამასთანავე, მასწავლებლები ეუბნებიან ბავშვებს, რომ შესაძლოა, ახლა მათ ღებვის კურსი აირჩიონ, მაგრამ მომავალში ეს პროფესია ინჟინერიამდე მივიდეს. ეს კურსი გათვალისწინებული იყო მე-8-მე-9 კლასელებისთვის, თუმცა, უფროსკლასებიც ითხოვდნენ. ფაქტობრივად, ეს არის შრომის გაკვეთილების მოდიფიცირებული ვარიანტი. თავიდან მას შრომითი გაკვეთილები ერქვა, მაგრამ მოგვიანებით სახელი გადაარქვეს და "შრომითი უნარების განვითარების პროგრამა" დაარქვეს. შარშან ამ პროგრამისთვის 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 300 ათასი ლარი დარჩა აუთვისებელი. წელსაც ამდენივე თანხა- 2 მილიონი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მასწავლებლებისთვის დამატებითი ანაზღაურებაა. მაგალითად, ფიზიკის მასწავლებლებს თავისუფლად შეუძლიათ ამეცადინონ ბავშვები ელექტროობაში, თუ შესაბამის მეთოდიკაში პროფესიული კოლეჯების პედაგოგებთან გაერკვევიან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ზოგადი განათლების არმქონე პირებს პროფესიულ განათლებასთან ერთად ატესტატის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

"დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ არიან ბავშვები, რომლებმაც დაამთავრეს 9 კლასი და მოვიდნენ პროფესიულ განათლებაში იმისთვის, რომ ზედა საფეხურზე გადასულიყვნენ, საჭირო იყო ზოგადი განათლების ატესტატი. ან თუ მათ სურდათ ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ამისთვისაც ზოგადი განათლების ატესტატი იყო საჭირო. უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ სკოლაში, აეღოთ ატესტატი და შემდეგ ჩაებარებინათ ეროვნული გამოცდები. ეს იყო ჩიხი და არასწორი. ახლა კანონით იქნება შესაძლებლობა, რომ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ ზოგადი განათლების ატასტატი აიღონ, ამის საშუალება პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად შეეძლებათ. პროფესიული განათლებისთვის საკმარისია 9 კლასის ატესტატი, მაგრამ მე-4 საფეხურზე გადასასვლელად საჭირო იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სწავლის შედეგები მე-10, მე-12 კლასებში ქართულ ენაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ეს იქნება ცაკლე პროგრამა, სადაც სწავლის შედეგები შერეულია პროფესიულ კონტექსტთან. თუ პირი სწავლობს დურგლობის მიმართულებით, ის "შუშანიკის წამებას" კი არ ისწავლის, განივითარებს სხვა პროგრამით იმ უნარებს, რაც ქართულის სწავლებით არის შესაძლებელი. კონტექსტი შეიძლება იყოს ტექსტების დამუშავება, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული. ის მაინცდამაინც მასალას არ ეყრდნობა, რაც კლასიკურად სკოლაშია, მაგრამ იგივე სასწავლო შედეგზე გადის. ასევე ხდება დანარჩენ საგნებშიც", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ატესტატის მისაღებად საჭირო იქნება გამოცდის ჩაბარება, თუმცა, არა CAT-ის გამოცდის.

"რადგან ატესტატის აღებისთვის სკოლაში არსებობს CAT-ის გამოცდა, აქაც ექნებათ ჩასაბარებელი გარკვეული ტიპის გამოცდა იმისთვის, რომ მიიღონ ატესტატი, მაგრამ ეს არ იქნება CAT. თუ როგორი ტიპის იქნება ეს გამოცდა ახლა ამას ვერავინ გეტყვით იმიტომ, რომ ეს დამუშავებული არ არის. მაგრამ ცალსახად CAT ეს ვერ იქნება, რადგან მათი სწავლის კონტენტი არის განსხვავებული, ვიდრე სკოლის მოსწავლეების. ანუ პირი, რომელიც პროფესიულ განათლების დიპლომთან ერთად ზოგადი განათლების ატესტატსაც იღებს, ორი ტიპის გამოცდას აბარებს. როგორი გამოცდა იქნება და რა ერქმევა გამოცდას, ეს ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს პროგრამა იქნება ცოტა უფრო გახანგრძლივებული, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სკოლა და მხოლოდ დურგლის ხელობის შესასწავლ პროგრამაზე შემოიტანა განაცხადი. საგნისა და პროფესიის ინტეგრირებული პროგრამა ცოტა უფრო ხანგრძლივი იქნება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სამინისტროს წარმომადგენელი გამორიცხავს, რომ ატესტატის აღებისას, შესაძლოა, ე.წ. შავი ხვრელები გაჩნდეს.

"ეს ვერ მოხდება, რადგან ატესტატის ასაღებად პირს აქაც გამოცდის ჩაბარება უწევს. ეს გამოცდები არ იქნება უფრო ადვილი, ესეც იქნება ცენტრალიზებული, ორგანიზებული, დაცული იქნება პრინციპი, რაც სკოლის შემთხვევაშია. გაკონტროლებული, გამჭვირვალე პროცესი, სავარაუდოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ იქნება ორგანიზებული. პრინციპი არ დაირღვევა იმიტომ, რომ ხვრელები არ გაჩნდეს", - განუცხადა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსს".

myquiz