რაზე ისაუბრეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა და მთავარმა პროკურორმა - დეტალებს მალხაზ მაჩალიკაშვილი ყვება | Allnews.Ge

რაზე ისაუბრეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა და მთავარმა პროკურორმა - დეტალებს მალხაზ მაჩალიკაშვილი ყვება

სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებული დავრჩი, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა თემირლან მაჩალიკაშვილის სიმართლე დადგინდეს. "მთელ ჩემს ძალ-ღონეს მოვიხმარ იმისთვის, რომ თემირლანის სიმართლე დადგინდეს. თანამდებობის პირებისგანაც რამდენადაც შევძლებ მოვითხოვ, რომ შემახვედრონ, რომ მათთან ვილაპარაკო და შეკითხვები დავუსვა. ჩემი საბოლოო ბრძოლა ისევ ამ ერთ საკითხზე გაჩერდება, რომ ევროპულ სასამართლოში გავიტანო ჩემი შვილის საქმე", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთელი ჩეჩნური დიასპორა ევროპიდან და მის ფარგლებს გარედან ურეკავს, ნახევარი საქართველო და მთელი პანკისის ხეობა ეუბნება, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღოს და საბოლოოდ, ალბათ, ასეც მოიქცევა.

ბატონმა ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ გამოძიების მასალების ნაწილი არის გასაიდუმლოებული, მათი გაჟღერება არ შეიძლება და ამიტომ არ ამოვიდა ხეობაში, - განმარტა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა ის მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც მას აქამდე ჰქონდა.

"მთელი პანკისის ხეობა ითხოვდა ბატონი შოთაძის პანკისში ამოსვლას, რათა გასაუბრებოდნენ მას და დაესვათ შეკითხვები. თუმცა, მე დამიკავშირდნენ თბილისიდან და შემომთავაზეს, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში 10-12 კაციანი ჯგუფით, მე უარი ვუთხარი, ამის შემდეგ კიდევ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ოჯახთან ერთად ჩამოვსულიყავი.

მე მოვისმინე უხუცესების აზრი და მათ მითხრეს, რომ ჩამოვსულიყავი და შევხვედროდი მთავარ პროკურორს. პირველად შოთაძემ დაიწყო საუბარი, მე რომ დამეწყო ვკითხავდი, თუ რატომ არ ამოვიდა ის ხეობაში. ვიდრე მე ვეტყოდი, თავად დაიწყო ამაზე საუბარი და ახსნა, რომ რაღაც ნაწილი არის გასაიდუმლოებული და არ შეიძლება ითქვას, სწორედ ამიტომ ვერ ამოვედი ხეობაშიო. მე თან ადვოკატი მყავდა და ამათ შეიძლება რაიმე გაიგეს, მაგრამ მე თავი და ბოლო ვერ გავიგე. მე არანაირი კონკრეტული პასუხები არ მიმიღია, თუმცა იმედით ვცხოვრობ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

myquiz