თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მთავარ პროკურორს თბილისში შეხვდებიან | Allnews.Ge

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მთავარ პროკურორს თბილისში შეხვდებიან

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა ორდღიანი ფიქრის შემდეგ მთავარ პროკურორთან თბილისში შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ საღამოს ჟურნალისტებს განუცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაცით, გადაწყვეტილება ხეობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. დღეს კი, 13:00 საათისთვის თბილისში მთავარ პროკურატურაში მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან ერთად წავა. შეხვედრას ადვოკატებიც დაესწრებიან.

"რადგან მთავარი პროკურორი არ აპირებს ხეობაში ჩამოსვლას, რამე კოზირი რომ არ ჰქონდეთ ხელში, ამიტომ დავთანხმდით და ჩავალთ ჩვენ. ჯერ მოვისმენთ, რა ეტაპზეა გამოძიება და რატომ შეეშალათ სპეცოპერაციის ჩატარების ადგილი. პროკურატურასთან პირველ რიგში ჩემი მოთხოვნა იქნება ობიექტური გამოძიება და ის, რომ თემირლანის უდანაშაულობა აღიარონ. შემდეგ კი მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი. ასევე, მოვითხოვ იმ ხალხის გასამართლებას, ვინც ეს ჩაიდინა. ახლა სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. როგორი საუბარი მექნება შოთაძესთან, დასკვნას მერე გავაკეთებ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მთავარ პროკურორთან შეხვედრა პანკისელებმა ერთი კვირის წინ მოითხოვეს. ისინი ირაკლი შოთაძეს ხეობაში ჩასვლას სთავაზობდნენ, თუმცა მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების შესახებ მხოლოდ გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებთან შეხვედრის თანხმობა განაცხადა.

ამ ოჯახს, ხალხს, ხეობას, ნუ მიიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარი ძალებით ეძიონ სამართალი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მექა ხანგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხეობის მცხოვრები მოსახლეობა და ჩეჩნური დიასპორა გამოძიების შედეგების მოლოდინშია და იმედს გამოთქვამს, რომ ის ობიექტურად წარიმართება.

"ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ამ ოჯახს, ხალხს, ხეობას ნუ მიიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარი ძალებით ეძიონ სამართალი. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ თავისი დაპირება შეასრულოს. სანამ არ იქნება გამოძიების შედეგები, თავს ვიკავებ შეფასებებისგან, თუმცა, ძალიან ბევრი ფაქტია, რომელიც კითხვებს აჩენს. წუხილს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ როგორც წინა საქმეები, ესეც ასე მიდის.

გავიხსენოთ ის შემთხვევა, როდესაც ორმა არასრულწლოვანმა სკოლის მერხიდან გადაწყვიტა ჩაბმულიყო უცხო ომში და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტიდან, მშობლების თანხმობის გარეშე გაატარეს ეს ბავშვები. მინისტრმა გომელაურმა კი ახსნა, რომ იყო მესაზღვრის შეცდომა და ამაზე არავინ დასჯილა. ასეთი შედეგი არ გვინდა", - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

myquiz