ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში მოხვდა | Allnews.Ge

ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში მოხვდა

თბილისის ზღვის ტურბაზასთან, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პედიატრმა თამარ გაბრიჩიძემ განუცხადა, ბავშვების დახმარება ინფუზიის მიმართულებით განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტებს პირღებინება აღენიშნებოდათ. პედიატრი ვერ აკონკრეტებს, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების ინტოქსიკაცია.

"მოიყვანეს საბავშვო ბაღიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარებით. დიაგნოზი იყო გულისრევა და პირღებინება. დახმარება მიდის ინფუზიის მიმართულებით, უტარდებათ გადასხმა. გაკეთებულია სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ იმის დიაგნოსტირება, რომ ეს არის კვებითი ფაქტორი, რომ ეს იყო ბანანიდან გამოწვეული, ამას ჩვენ ვერ ვადასტურებთ", - განაცხადა თამარ გაბრიჩიძემ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სტაციონარშიც არ არიან გადაყვანილი. საგანგაშო არაფერია. მიზეზებს კონკრეტული კვლევები გვანახებს", - აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ექსპერტიზაზე გაიგზავნა "საეჭვო პროდუქტები, მათ შორის ბანანი".

როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ბავშვების პირღებინება საკვებიდან გამომდინარე არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაგა-ბაღ "იმედის" ორი აღსაზრდელის მშობელმა ქრისტინე კილასონიამ განუცხადა.

მისი თქმით, ბაღის სამი აღსაზრდელიდან ორი მისი შვილია. ქრისტინე კილასონიას განცხადებით, სავარაუდოდ, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი საკვები არ უნდა იყოს, რადგან ბაღის სხვა აღსაზრდელები კარგად არიან.

"პირღებინებით გადმოვიყვანე ორივე - 4 და 2 წლის ბიჭები. მხოლოდ პირღებინება აღენიშნებოდათ, სხვა არაფერი. ამ ეტაპზე ველოდები ანალიზის პასუხებს და მეუბნებიან, რომ 3-4 საათში სახლში ვიქნებით. არანაირი საგანგაშო სიტუაცია არაა. საკვებიდან გამომდინარეც არ არის, როგორც ექიმებმა აღნიშნეს. ბაღი იტყვის ალბათ ყველაფერს", - განაცხადა გუშინ ქრისტინე კილასონიამ.

თბილისის ზღვის ტურბაზაზე მდებარე საჯარო ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ პირღებინება აღენიშნებოდათ.

myquiz