საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება იგეგმება | Allnews.Ge

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება იგეგმება

ენის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლებას გეგმავს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.

"ემიგრაციაში დაიბადა და იზრდება თაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, წარმოდგენა არ აქვს არც ქართულ კულტურაზე და ენასაც ვერ ფლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის საკვირაო სკოლები, ეს საკმარისი არ არის, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ საზღარგარეთ ქართული ისწავლოს. ამიტომ, ჩვენ გვექნება ონლაინ რეჟიმში სწავლების კოორდინაცია, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში ჯგუფი შეიქმნას და მათ ქართული ენა კვალიფიციური სპეციალისტებისგან ისწავლონ", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ დააფინანსებს ონლაინ-კურსებს, ალიბეგაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამისთვის რესურსი გამოინახება, ასევე, შესაძლებელია, ეს კომერციული საქმიანობის ნაწილი იყოს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელსაც გიორგი ალიბეგაშვილი უხელმძღვანელებს და რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, 2018 წლის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნულ დეპარტამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა 15 კაცის შემადგენლობით არის განსაზღვრული. ამასთან, 500 ათასი ლარიდან 400 ათასი ლარი სწორედ შრომის ანაზღაურებაზეა გამოყოფილი.

myquiz