მეტროში მომხდარი შემთხვევის შედეგად "ამტელ ჰოსპიტალში" თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს | Allnews.Ge

მეტროში მომხდარი შემთხვევის შედეგად "ამტელ ჰოსპიტალში" თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს

მეტრო "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად "ამტელ ჰოსპიტალში" თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულთა ასაკი 31-დან 59 წლამდეა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

"პაციენტებს აღენიშნებათ ქალა-ტვინის ტრავმები და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობები. დაშავებულებს ჩაუტარდათ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევები. ოთხივეს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინდა და საოპერაციო ჩარევა არ დასჭირდათ. ყველა მათგანი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტები კლინიკაში სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი დღით დარჩებიან", - განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

მეტროსადგურში დაახლოებით 10:30 საათზე ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

myquiz