დავით ნარმანია მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარს გამოეხმაურა | Allnews.Ge

დავით ნარმანია მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარს გამოეხმაურა

დედაქალაქის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა.

მისივე განცხადებით, მაშინ გამოცხადდა ტენდერი, რომლის მეშვეობითაც შესაბამისი სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, რემონტი დათქმულ ვადებში დასრულდა და დაჩქარებას ადგილი არ ჰქონია.

"შემთხვევა არის სამწუხარო. რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია, გამოძიებით გაირკვეს, რასთან გვქონდა საქმე. მე რაც ნამდვილად მახსოვს არის ის, რომ პროექტი არსებობდა ანუ საპროექტო დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც გამოცხადდა ტენდერი. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, ასევე რაიმე სახის დაჩქარება ჩვენი მხრიდან კომპანიის მიმართ არ ყოფილა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად ჩაეტარებინა. ძალიან ბევრ კითხვაზე ალბათ, გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. შესაბამისად მკაცრად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება გამოძიების შედეგად", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება ობიექტის ჩაბარების პროცესს, თუ როგორ განხორციელდა ეს, ნარმანიას განმარტებით, "დეტალებზე სატრანსპორტო კოპმპანიას უნდა ვკითხოთ, ვინაიდან საკუთრივ სატენდერო კომისიასაც და შესაბამისად, ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია".

myquiz