აჭარაში წითელას ეპიდემიაა - რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას
შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში წითელას ეპიდემიური აფეთქებაა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იანვრის თვეში საქართველოში წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 86 აჭარაში, დედაქალაქში კი 5 შემთხვევა იყო. აღსანიშნავია, რომ ლეტალური შედეგით წითელას არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ასევე დაავადება არცერთ ორსულს არ აღენიშნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ წითელა არცერთი ორსულის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ისინი დაავადების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ ბავშვებმა და ორსულებმა იმუნიზაცია აუცილებლად უნდა ჩაიტარონ.
ასევე, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ბავშვისთვის ვაქცინა ორჯერადად ტარდება, 1 და 5 წლის ასაკში.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით: ბავშვთა გეგმური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა; წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია; 20 - 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია; 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია," - განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ყველა მშობელს მოუწოდებს, რომ ბავშვის აცრის სტატუსი გადაამოწმოს და თუ რომელიმე აცრა გამოტოვებულია, ის აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
"მოვუწოდებთ ბაღებსა და სკოლებს, რომ აღმზრდელებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ექიმებმა გადაამოწმონ ყველა ბაღის აღსაზრდელისა და სკოლის მოსწავლის სტატუსი, აცრილები არიან თუ არა წითელა-წითურა-ყბაყურის წინააღმდეგ. ბავშვის აცრა არის ძალიან მაღალი გარანტია, რომ მას წითელა არ განუვითარდება. შემდეგი რეკომენდაცია ეხება 20-დან 40 წლამდე ასაკის მოსახლეობას, ჩვენ ამ ასაკის მოსახლეობაში დაბალი იმუნური ფენა გვაქვს, განსაკუთრებით იმ ქალებში, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში არიან, ამიტომ მათ თავიანთი აცრის სტატუსი უნდა გადაიმოწმონ და თუ არ არიან წითელას საწინააღმდეგოდ აცრილები ან არ ახსოვთ, დამატებითი აცრა უნდა გაიკეთონ, ეს იქნება მათი დაცვა. მივმართავ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომ აუცილებელია, ეს ადამიანები აიცრან წითელას წინააღმდეგ" - განმარტავს ამირან გამყრელიძე.
რა სიმპტომებით ხასიათდება წითელა?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითე;ლა ვირუსული დაავადებაა, რომელსაც გადაცემის აეროგენული მექანიზმით გადაცემა ახასიათებს. ეს პროცესი მიმდინარეობს ცხელებით არავეზიკულარული გამონაყარით. ხველებით, რინიტით ან კონიუქტივიტით.
"წითელა ბავშვთა ინფექციური დაავადებაა, თუმცა ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიხატა შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვების და მოზრდილების წილის ზრდაში. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარალურ პერიოდში. ვირუსი ბინადროსბს ავადმყოფის ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანში. ხველების და ცემინების დროს," - განმარტებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, წითელას გადაცემა აეროგენული მექანიზმით, კერძოდ, სუნთქვით, ხველითა და ცემინებით ხდება. ხველის და ცემინების დროს იგი იფრქვევა და ჰაერში ვრცელდება, რაც კონტაქტში მყოფთა დაინფიცირებას.
"ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე პერიოდი არის 7-8 დღე (ჩვეულებრივ 10-12 დღე), მაქსიმალურ შესაძლო ინკუბაციის პერიოდად ითვლება 21 დღე," - განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
წითელას კლინიკური მიმდინარეობა შემდეგია: ტიპიური შემთხვევა მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომომატებით, რომელსაც თან ახლავს ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება, გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი. თავდაპირველად, გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ მთელ სხეულზე ვრცელდება. რამდენიმე დღეში ტემპერატურა დაბლა იწევს, იწყება გამონაყარი პიგმენტაცია და თანდათან ქრება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა.
"ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია წითელას გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ განვითარდეს. პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა," - განმარტავენ ცენტრში.
ცენტრის სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ წითელა ვაქცინით მართვადი დაავადებაა, შესაბამისად, მისი სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მის თავიდან ასაცილებლად იმუნიზაციას მივმართოთ.