კვების კუთხით არსებული პრობლემები თბილისის საბავშვო ბაღებში - საკითხზე "ნაცმოძრაობა" ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდება | Allnews.Ge

კვების კუთხით არსებული პრობლემები თბილისის საბავშვო ბაღებში - საკითხზე "ნაცმოძრაობა" ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდება

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყების წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გვანცელაძესთან ბაღებში არსებულ პრობლემურ მდგომარეობაზე ისაუბრებენ, რაც კვების მხრივ არსებობს. მისივე თქმით, საუბარი შეეხება ბაღების მართვის სააგენტოში ნეპოტიზმით დაკომპლექტებულ კადრებსაც.

"ათწლეულებია პრობლემა არ ყოფილა ბაღებში კვების საკითხზე, კალაძის მთავრობამ და ბაღების მართვის სააგენტომ მოახერხა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ბაღების თანამშრომლების განმარტება, რომ გუფთა იყო, მაგრამ მასში ხორცი არ იყო, ხაჭაპური იყო უბრალოდ ყველი არ ჰქონდა. კვების ასეთი რაციონი რომ აქვთ ბავშვებს, უკვე სერიოზული პრობლემაა. ღვინის შეფუთვით რომ რძე შეაქვთ ესეც პრობლემაა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სამი ბაღი, რომელიც დახურეს, არც ბაღის პედაგოგებმა, არც მშობლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ და დღეს ხდება ამ ბავშვების გადანაწილება ისეთ ბაღებში, სადაც ისედაც ბევრი ბავშვია. შესაბამისად, ამ კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით გვინდა მოვისმონოთ გვანცელაძის პასუხები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბაღების მართვის სააგენტო გაივსო არაკვალიფიციური კადრებით, გაივსო ნათესაური კავშირებით დანიშნული ადამიანებით, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული სია, რომელზეც კონკრეტულ პასუხებს მოვთხოვთ გვანცელაძეს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით კი, ბაღებში სანიტარული ნორმების დარღვევისა და კვების კუთხით პრობლემები არ დაფიქსირებულა.

"თუ ასეთი ფაქტები არის დაფიქსირებული, ჩვენ აუცილებლად მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სანიტარული მდგომარეობის, არამედ ყველა იმ სერვისის მონიტორინგს, რომელიც ბაღებში გვაქვს. შესაბამისად, ვრეაგირებთ ნებისმიერ გადაცდომასა და დარღვევაზე. მსგავსი ფაქტები მასიურად არ დაფიქსირებულა", - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

myquiz