რა ღირს ბინები საქართველოს ზამთრის კურორტებზე? | Allnews.Ge

რა ღირს ბინები საქართველოს ზამთრის კურორტებზე?

ზამთრის კურორტებზე დასვენების სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული, ბინებისა და სასტუმროების უმეტესი ნაწილი დაჯავშნილია, შესაბამისად, ვინც უძრავი ქონების გაქირავების ბიზნესშია ჩართული, საკმაოდ სოლიდურ შემოსავალსაც იღებს. გარდა გაქირავებისა,ზამთრის კურორტებზე უძრავი ქონების შეძენაც პოპულარული გახდა.

თუ ზამთრის კურორტებზე ბინის შეძენით ხართ დაინტერესებული, ალბათ აქტიურად სტუმრობთ უძრავი ქონების რეალიზაციისთვის განკუთვნილ ვებგვერდებს, მათ შორის Saqme.ge-ს, რომლის მთავარი რედაქტორი, ლელა არაბულიც Allnews.ge-ს ფასებთან დაკავშირებით ესაუბრა.

მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის კურორტებზე მომსახურების ხარისხი, პირობები, და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, მოქალაქეები დაინტერესებულები არიან, რომ იყიდონ კოტეჯი ან ბინა, რომელსაც როგორც დასასვენებლად, ისე შემოსავლის მისაღებად გამოიყენებენ.

"დაინტერესება ზამთრის კურორტების მიმართ ძალიან დიდია, შესაბამისად, ფასებიც გაზრდილია. ბინებს ყველაზე მაღალი ფასი შეიძლება ითქვას, გუდაურში აქვს, შემდეგ კი ბაკურიანში. გუდაურში ძირითადად, სასტუმროს ტიპის ბინებია, რომლებსაც როგორც წესი, გასაქირავებლად იძენენ. 1 კვ.მ-ს ფასი, ჩვენი ვებგვერდის მიხედვით 1 700-დან 2 700 ლარამდე მერყეობს",- განმარტავს ლელა არაბული.

Saqme.ge-ს რედაქტორის განმარტებით, ბაკურიანში 1 კვ.მ-ს ფასი 1 300-2 500 ლარს შორის მერყეობს.

"1 300 ლარად ალბათ შავ კარკასს შეიძენთ, კვადრატული მეტრის ფასი კი, რა თქმა უნდა, ბინის მდგომარეობის მიხედვით იზრდება. როგორც წესი, "მგზავრების" ტიპის სასტუმროებში ბინებს ან კოტეჯებს ყიდულობენ ხოლმე, რომლებსაც შემდეგ აქირავებენ და შემოსავალი აქვთ," - აღნიშნავს ის.

"ბაკურიანი სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ არის კარგი" - ზამთრის კურორტებზე ექიმი მანანა ტაბიძე საუბრობს

რაც შეეხება სვანეთს, რომელიც ბოლო წლებია, დამსვენებლებს შორის პოპულარობით სარგებლობს, ლელა არაბული განმარტავს, რომ ბინებს აქაც მაღალი ფასი აქვთ, თუმცა ვებგვერდზე განცხადებები ძირითადად გუდაურსა და ბაკურიანში არსებულ სახლებზე შემოდის.

"მაგალითად, ახლა ვებვერდზე სვანეთში სარეალიზაციოდ არსებული მხოლოდ ერთი სახლია განთავსებული, რომელსაც გარს დიდი ტერიტორია აკრავს, 1 კვადრატული მეტრის ფასი კი 40$ გამოდის.

დღეში Saqme.ge-ზე საშუალოდ 1 000 ახალი განცხადება თავსდება, აქედან ზამთრის კურორტებს დიდი წილი არ უჭირავს, თუმცა როგორც წესი, ბაკურიანში დასვენების ტრადიციისა თუ იქ არსებული გარემოს გამო, ამ კურორტზე მაინც ბევრი სახლი იყიდება", - განმარტავს ლელა არაბული.

ბოლო რამდენიმე წელია პოპულარული გახდა კიდევ რამდენიმე ზამთრის კურორტი საქართველოში, მაგალითად გოდერძი და მიტარბი, თუმცა აღნიშნულ კურორტებზე სარეალიზაციო სახლები განთავსებული არ არის, რასაც ლელა არაბული აღნიშნული ადგილების შედარებით დაბალ ცნობადობას უკავშირებს, თუმცა, მისივე თქმით, შეიძლება, ეს ტენდენცია შეიცვალოს.

myquiz