საბავშვო ბაღებში განახლებულ მენიუს ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარიამ ბალახაძე აფასებს | Allnews.Ge

საბავშვო ბაღებში განახლებულ მენიუს ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარიამ ბალახაძე აფასებს

საბავშვო ბაღების კვების რაციონში შეტანილმა ცვლილებებმა მშობლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ კვების მენიუ შემცირდა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახალი სტანდარტით შედგენილი კვების რაციონი უფრო ჯანსაღი და მისაღებია პატარებისთვის.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაღების კვების რაციონი რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. ერთი დღისთვის გათვალისწინებული რაციონით ბავშვი ჯამში 1292 კილოკალორიას იღებს. სფეროს სპეციალისტებთან ვეცადეთ გაგვერკვია, რამდენად სასარგებლოა ბავშვებისთვის კვების რაციონში შეტანილი ცვლილებები.

ბავშვთა ენდოკრინოლოგის, მარიამ ბალახაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური კალორაჟი ბავშვის ასაკობრივ ნორმას აკმაყოფილებდეს.

"ზოგადად რეკომენდაციაა, რომ ტკბილეული ბავშვმა კვირაში ერთხელ მიიღოს და არა ყოველდღე. შაქრიანი ჩაიც არ არის პატარასთვის სარგებლობის მომტანი. მისთვის კარგია ბურღულელით დამზადებული ფაფები, პური, მაგრამ ის არ უნდა იყოს ბევრი საფუარით გაფუებული. თუ მენიუ გამდიდრდება ბოსტნეულით, ხორცით და რძის პროდუქტით, ამას რა ჯობია.

ჩაი თავისი კვებითი ღირებულებით არაფერს წარმოადგენს, მითუმეტეს შაქარდამატებული. კარაქიან პურს ჯობია ბავშვმა ყველი და პური ჭამოს, ან წიწიბურა, შვრიის ფაფა", - ამბობს ექიმი.

ენდოკრინოლოგის თქმით, ბავშვისთვის ხილზე უფრო სასარგებლო ბოსტნეულია.
"სამწუხაროდ ბავშვები არ გვყავს მიჩვეული, რომ ბოსტნეული ჭამონ, მივესალმები, თუ ბოსტნეულით გამდიდრდება ბაღის კვების მენიუ იმიტომ, რომ ბავშვები ძალიან ხშირად ერთმანეთის წამბაძველობით იწყებენ რაღაცების ჭამას, აქედან გამომდინარე, თუ ერთი მაინც შეჭამს, მეორეც შეჭამს და მესამეც, თუ ასე მიაჩვევენ მშობლები ბავშვებს ბროკოლისა და კომბოსტოს ჭამას, ძალიან კარგი იქნება.

ბოსტნეულში არ ვგულისხმობ კარტოფილს, გოგრას, ლობიოს, მაგრამ დანარჩენი - კომბოსტო, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ხახვი, ჭარხალი, სტაფილო ყველაფერი ძალიან სასარგებლო და ბევრი ვიტამინის წყაროა", - ამბობს მარიამ ბალახაძე.

კალაძემ საბავშვო ბაღების განახლებული კვების მენიუ გაასაჯაროვა

განახლებულ მენიუზე ჩვენ გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, მაკო ყუფარაძესაც ვესაუბრეთ.

"სტანდარტი შემუშავებულია საქართველოში წამყვანი სპეციალისტების დახმარებით, ესენი არიან ექიმ-პედიატრები და ბავშვთა კვების წამყვანი სპეციალისტები. მასზე მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდაციების საფუძვლიანი შესწავლით. ეს საერთაშორისო სტანდარტი და რეკომენდაცია, რომელსაც უნივერსალური ხასიათი ეძლევა და სხვა ქვეყნებისათვის გამოსაყენებელი ხდება, ეფუძნება სამეცნიერო კვლევებს. საქართველოში შემუშავებული სტანდარტები პასუხობს, როგორც ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტებს, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს", - ამბობს ყუფარაძე.

მისივე თქმით, ძველ და ახლანდელ სტანდარტშიც გამოყვანილი იყო საშუალო კალორაჟი. საშუალო კალორაჟი ძველ სტანდარტში იყო 1314, ახლანდელი რაციონით კი, ბავშვი დღეში იღებს 1292 კილოკალორიას.

"ეს სიმცირე განაპირობა ბავშვისათვის ისეთი არასასარგებლო კვებითი პროდუქტების ამოღებამ, როგორიც არის შაქარი, შაქრიანი სასმელები, ცომი და საკონდიტრო ნაწარმი. მაგრამ სრულიად არ გამქრალა, უბრალოდ მოხმარება მინიმუმამდე შემცირდა, მათი შევსება კი ხდება ცილებისა და ბუნებრივი ნახშირწყლების საფუძველზე.

ახლანდელ სტანდარტში ახალი პრინციპი არის ის, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის გაჩნდა ულუფების რაოდენობა. თითო ულუფა აუცილებლად უნდა შედგებოდეს ოთხი ძირითადი კატეგორიის საკვები პროდუქტისგან, ესენია: ხილი და ბოსტნეული, პური და პურ-ფუნთუშეული, ხორცი, რძე და რძის ნაწარმი. პურის რაოდენობა გაორმაგებულია, გაზრდილია რძის ნაწარმი, ასევე ფრინველის ხორციც. რეალურად, არასასარგებლო პროდუქტი, რაც უხვად იყო გამოყენებული, უნდა ჩაანაცვლოს ბავშვისთვის სასარგებლო პროდუქტმა.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს სასარგებლო არ არის მხოლოდ ბაღებისთვის, ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც, რადგან კარგი იქნება თუ კვების ამ სტანდარტზე ბავშვებს ოჯახის პირობებშიც გადაიყვანენ", - ამბობს მაკო ყუფარაძე.

რას გულისხმობს რაციონალური და სრულფასოვანი კვება

სოციალურ ქსელში კრიტიკა გამოიწვია კვების მენიუში ჩაის შემცირებამ, როგორც ამ საკითხზე მაკო ყუფარაძე ამბობს, ჩაი ჩაანაცვლა კენკროვანმა ჩაიმ, ასევე ნატურალური და ახალი ხილის წვენებმა.

"ახალმა სტანდარტმა დაარეგულირა, რომ აუცილებლად უნდა იყოს 50-50-ზე, ანუ რამდენი ხილიც არის, იმდენი წყალი. წინათ კომპოტი იყო სიროფივით, მასში ხილი ძალიან ცოტა, ჩაი კი გაჯერებული შაქრით, რაც მავნებელია ბავშვისთვის", - ამბობს ყუფარაძე.

myquiz