"კარფურში" დამზადებული ქათმის სენდვიჩის მიღების შედეგად 16 ადამიანი მოიწამლა | Allnews.Ge

"კარფურში" დამზადებული ქათმის სენდვიჩის მიღების შედეგად 16 ადამიანი მოიწამლა

მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც "თბილისი მოლში" მდებარე "კარფურში" დამზადებული ქათმის სენდვიჩი მიიღო, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მკურნალობს, ნაწილი კი ბინაზე უკვე გაეწერა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, საკვების მიერ დაავადებათა სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 21 იანვარს, ქათმის სენდვიჩის მიღების შემდეგ უკუჩვენებები, საერთო ჯამში, 16 ადამიანს დაუფიქსირდა. დაახლოებით, 8-10 საათიან პერიოდში გამოვლინდა პირველი პაციენტი, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართა, სხვები კი საავადმყოფიში 22 იანვარს მივიდნენ.

"როგორც პაციენტები აღნიშნავენ, მიმდინარე წლის 21 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, საკვებად მიიღეს ქათმის სენდვიჩი - საუბარია, "კარფურში" დამზადებულ ქათმის სენდვიჩზე. უკვე 22 იანვარს კი ექვსი მათგანი მსუბუქი ღებინებითა და სხვა მსუბუქი გვერდითი მოვლენებით ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსდა. 23 და 24 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, უკვე ინფექციური პათოლოგიის ცენტრში შევიდა კიდევ ექვსი პაციენტი, რომელთა გამოკითხვითაც იგივე ინფორმაცია იქნა მიღებული. თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია, აქტიურად მუშაობენ. პეციენტების გამოკითხვით კიდევ გამოვლინდა ოთხი პიროვნება, რომლებსაც ჰქონდათ ერთჯერადი ღებინება, გულისრევის შეგრძნება, თუმცა მათ სამედიცინო დაწესებულებისთვის მსუბუქი მოვლენებიდან გამომდინარე არ მიუმართავთ. საერთო ჯამში კი, ასეთი 16 ადამიანი არის გამოვლენილი, რომლებიც ფაქტობრივად, ერთსა და იგივეს ამბობს - ყველა მათგანს ჰქონდა ერთი და იგივე სიმპტომები, ანუ გულისრევის და ფაღარათის მოვლენები. ძალიან კარგია, რომ ამ მდგომარეობას ყურადღება მიაქციეს და პროფესიონალებს მიაკითხეს შესაბამისი დახმარების მიღებისთვის", - განაცხადა ბაიდოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "თბილისი მოლში", "კარფურში" არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი გუშინ შეუჩერა.

მისივე ინფორმაციით, სენდვიჩების შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მძიმე და საგანგაშო არ არის.

"ძალიან მსუბუქად მიმდინარე დაავადების შემთხვევები იყო, იმიტომ, რომ ის პირველი ექვსი პიროვნება, რომელიც 22 იანვარს მოთავსდნენ საავადმყოფოში, ფაქტობრივად ორ საათში ჩაუტარდათ სამდიცინო დახმარება ე.წ გადასხმები და მედიკამენტოზური დახმარება და მაქიმუმ, 3 საათში ბინაზე გაეწერეს. ხოლო ის პირები, რომლებიც ამჟამად ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მკურნალობენ, ისინიც სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე გაეწერებიან, იმიტომ რომ დაავადების სიმძიმე არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ხანგრძლივად დარჩნენ კლინიკაში სამკურნალოდ.“ განაცხადა ბაიდოშვილმა.

ამასთან, როგორც ბაიდოშვილი ამბობს, "კარფურში", სადაც ქათმის სენდვიჩები მზადდება, ობიექტის შემოწმების მიზეზი, მოწამლულთაგან მიღებული ინფორმაცია გახდა.

"კარფურში შემოწმები მიზეზი გახდა პაციენტებისგან მიღებული ინფორმაცია. რა ინფორმაციაც პაციენტებმა მოგვაწოდეს, ის კანონმდებლობისა და ნორმების დაცვით გადავეცით სურსათის ეროვნულ სააგენტოს. როგორც სააგენტოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა მონიტორინგი და ობიექტს, სადაც ქათმის სენდვიჩები მზადდება ფუნქციონირება შეუჩერდა, გარკვეული დარღვევები გამო... ვერაფერს გეტყვით იმაზე, თუ რა შეიძლება მოწამვლის მიზეზი გამხდარიყო, იმიტომ, რომ ამ შემთხვევში, ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მათ შორის, დაუბანელი ხელებით საკვების მიღება, საკვების დამზადების პროცესში გარკვეული ტექნოლოგიური დარღვევის პროცესი. ასე, რომ ამ საკითხზე, რაც საკვებ და მის დამზადების ტექნოლოგიის პროცედურას ეხება, დეტალურ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო მოგაწვდით, ვინაიდან ეს მათი პრეროგატივაა", - განაცხადა ბაიდოშვილმა.

myquiz