გიგი გიგიაძე - საქართველო ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით | Allnews.Ge

გიგი გიგიაძე - საქართველო ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში გადაყვანის შემდეგ, აღნიშნული დინამიკა მკვეთრად დაღმავალია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განუცხადა.

თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველო ჯერ კიდევ პირველი ადგილზეა ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, გიგიაძის ვარაუდით, გახდა საფუძველი, ისლანდიის მხარეს ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედი ვიზის ჯგუფის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი დაეყენებინა. ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში გადაყვანა არის ყველაზე ქმედითი მექანიზმი, რათა ევროპის ქვეყნებმა თავი დაიზღვიონ თავშესაფრის მაძიებელთა მიგრაციისგან.

ისლანდიამ და შვედეთმა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის საკითხი დააყენეს

"სამწუხაროდ, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ისლანდიაში ჯერ კიდევ პირველ ადგილზე ვართ. თუმცა, მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, მკვეთრად დაეცა საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც ისლანდიას თავშესაფრის მიღების მიზნით მიმართა. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში საერთოდ შეჩერდება განაცხადების დინამიკა, ვინაიდან ისლანდია უკვე აღარ აძლევს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა არის ყველაზე კარგი და ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავი დაიზღვიონ ამ სახის მიგრაციისგან", - განაცხადა გიგიაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს თავშესაფრის თხოვნით ისლანდიას საქართველოს 289 მოქალაქემ მიმართა. ამ მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილს იკავებს და მას მოსდევენ ალბანეთი, ერაყი, მაკედონია, პაკისტანი, სომალი და სხვები. ამასთან, აღნიშნული სტატისტიკა ყველაზე მზარდი იყო გასული წლის ზაფხულში, თუმცა წლის ბოლოს მიმართიანობა მკვეთრად დაიკლო. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ისლანდიაში თვშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკა 2017 წელს, თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარი - 1 განაცხადი, თებერვალი - 3, მარტი - 6, აპრილი - 6, მაისი - 6, ივნისი - 40, ივლისი - 64, აგვისტო - 89, სექტემბერი - 39, ოქტომბერი - 18, ნოემბერი - 14, დეკემბერი - 3.

ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა გუშინ განიხილა ევროკომისიის პირველი ანგარიში შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაწესებულ უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა. ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნათა მაძიებელთა რაოდენობის საგრძნობი ზრდის შესახებ საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს.

myquiz