ისლანდიამ და შვედეთმა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის საკითხი დააყენეს | Allnews.Ge

ისლანდიამ და შვედეთმა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის საკითხი დააყენეს

ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის საგრძნობი ზრდის შესახებ საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საბანაძემ განუცხადა, თავად ის განხილვას არ დასწრებია, ვინაიდან ეს იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, რომელიც მესამე ქვეყნებისთვის გახსნილი არ არის.

"რამდენადაც ვიცი, საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებით შემაშფოთებელი ეს განხილვა არ იყო. იყო ორი ქვეყანა, რომელმაც დააყენა საკითხი, რომ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა საქართველოდან საგრძნობლად გაიზარდა. ეს ქვეყნებია შვედეთი და ისლანდია", - განაცხადა საბანაძემ.

ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

მიუხედავად ამისა, ნატალი საბანაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა გუშინ განიხილა ევროკომისიის პირველი ანგარიში შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაწესებულ უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა.

რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვეს ორი ქვეყნის - საქართველოსა და ალბანეთის გამო. ამასთან, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა ამ საკითხის განხილვა წინასწარ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს.

myquiz