კახა კალაძემ სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა | Allnews.Ge

კახა კალაძემ სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა

მთავარი პრიორიტეტია - ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალახის თქმით, პრობლემების მოსაგვარებლად მერია აქტიურად მუშაობს.

"მინდა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომა დავიწყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემით, რომელიც ჩვენს მიერ არის დეკლარირებული და ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა. წინასაარჩევნო პროგრამაში ეს მოცემული გვქონდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დაპირება და პრიორიტეტია.

არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ვგეგმავთ რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განახლება, რეაბილიტაციისკენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე მხრივ კი, გარკვეულ განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ.

მაგალითად, ჩვენ ვგეგმავთ მეტროს რეაბლიტაციის პროექტის განხორციელებას, იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ მეტროში, ასევე გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ავტობუსების პარკის განახლებას ვაპირებთ, გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით და ვგეგმავთ ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობას, ე.წ. ბასლაინებს. ასევე ვაპირებთ სატრანსპორტო სისტემის განვითარებას - იქნება ეს დასუფთავების მანქანების სპეციალური გრაფიკით მოძრაობა, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია, სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეც.რეჟიმების განსაზღვრა თუ სხვა მიმართულებები", - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა ტრანზიტულ მოძრაობაზე და დღეს არსებულ ჯარიმებზე.

"მოგეხსენებათ, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო ამ წესს თამამად არღვევენ მძღოლები. დარღვევების აღსაკვეთად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯარიმა დღეს, თუ არ ვცდები, არის 20 ლარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გაიზარდოს 500 ლარამდე და ეს უკვე ჩადებულია ჩვენ მიერ შემუშავებულ საკანომდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

ცხადია, ყველაფერი ის, რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ღონისძიებები ხორციელდება - პარლამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რაც მთავარია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით", - განაცხადა კალაძემ.

myquiz