საბავშვო ბაღებში რძე ღვინის შეფუთვებით შეიტანეს - რა განმარტებებს აკეთებენ "მილკოსა" და სურსათის ეროვნულ სააგენტოში? | Allnews.Ge

საბავშვო ბაღებში რძე ღვინის შეფუთვებით შეიტანეს - რა განმარტებებს აკეთებენ "მილკოსა" და სურსათის ეროვნულ სააგენტოში?

დედაქალაქის რამდენიმე ბაღში შეტანილი არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "მილკოფუდში" განუცხადეს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ხაჩიძის თქმით, რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია.

"რძის პროდუქტი ჩამოსხმული იყო ტეტრაპარკის შეფუთვაში, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის და საკმაოდ ძვირადღირებული მთელს მსოფლიოში. ყუთი არის აბსოლუტურად გამოუყენებელი, ახალი, უმაღლესი ხარისხის; აქვს 6 დამცავი შრე და ულტრაპასტერიზებულ პროდუქტს ინახავს 6 თვის განმავლობაში, ისე, რომ ყველა თვისებას ინარჩუნებს პაკეტში. ჩვენ ვახორციელებთ შეფუთვის იმპორტს იტალიიდან. ამ ეტაპზე ბაღებიდან მოსულმა შეკვეთამ ძალიან გადააჭარბა გეგმას, იმ შეთანხმებას, რაც ჩვენს შორის იყო, ამიტომ იძულებულები გავხდით ამ სახით შეგვეტანა პროდუქტი. ღვინის ეტიკეტირებით იყო პარკი, თუმცა, ამავე შეფუთვაზე გადაკრული გვქონდა რძის სპეციალური ეტიკეტიანი ქაღალდი, რომელზეც დატანილი იყო რძის ყველა მონაცემი. ყუთზე დატანილ მონაცემებს პროდუქტი მთლიანად აკმაყოფილებს", - განაცხადა ხაჩიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი შეფუთვით პროდუქტი თბილისის მასშტაბით რამდენიმე ათეულ ბაღში შევიდა.

"ჩვენი პროდუქტი არის ნატურალური, ნაღებზე დამზადებული და აკმაყოფილებს ISO-ს სტანდარტებს და სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს. თვეში ორჯერ მოწმდება კომპანიის პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო კომპანიების მიერ. ორ დღეში ველოდებით ახალ შეფუთვებს იტალიური კომპანია "იპისგან", იმ რაოდენობას, რაც გაზრდილი მოთხოვნისთვის იქნება საკმარისი. მსგავსი შემთხვევა არასდროს გვქონია", - განაცხადა ხაჩიძემ.

სურსათის უვნებლობის სააგენტო რძის ხარისხს სწავლობს. როგორც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ განაცხადა, შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც.

მისივე თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 4 ბაგა-ბაღი შემოწმდა, ასევე, შემოწმდა ის კომპანია, საიდანაც რძე იყო წამოღებული და ეტიკეტირების ნაწილში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

"ცხელი ხაზით იყო შემოსული სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული შემთხვევის შესახებ. სააგენტოს მიერ განხორციელდა საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმება. კერძოდ, 4 ბაგა-ბაღი შემოწმდა. ასევე, იმ კომპანიის არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა, საიდანაც ეს რძე იყო წამოღებული. აღნიშნული შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა ეს სურსათთან დაშვებულია, სურსათთან უშუალო შეხებაშია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება. ჩვენ მიერ შემოწმების შედეგად, შეფუთვის კუთხით დარღვევა არ აღმოჩენილა", - განაცხადა გიორგი მიქაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეფუთვის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ღვინისთვის, ასევე რძისთვის. როგორც მიქაძემ განმარტა, შესაძლოა ღვინის ეტიკეტის გამოყენების მიზეზი ყოფილიყო ის, რომ მწარმოებელს არ ჰქონდა შესაბამისი შეფუთვის მარაგი. "შესაძლოა მწარმოებელს არ ჰქონოდა იმ წუთში იმ შეფუთვის მარაგი, რომელსაც უშუალოდ იყენებს და ჰქონდა სხვა მარაგი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენა", - განაცხადა მიქაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო სანქციებს ვერ გამოიყენებს.
"ეტიკეტის ნაწილში დარღვევა არ დაფიქსირებულა ჩვენი შემოწმების შედეგად. ჩვენს მიერ ამ შემთხვევაში არანაირი სანქცია არაა გამოყენებული, რადგან აქ არ გვაქვს ის სამართალდარღვევა, რომლის გამოც შესაძლებელია მივიღოთ რაიმე სანქცია. არაგეგმური ინსპექტირების დროს მიცემული მითითებები თუ არ შესრულდება, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ სანქცია", - განაცხადა მიქაძემ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თბილისის რამდენიმე ბაღში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით იყო შეტანილი.

myquiz