დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა | Allnews.Ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პაატა იმნაძემ განუცხადა, ვაქცინაზე, რომელზეც აუდიტის სამსახური აქცენტს აკეთებს, 2016 წელს ქვეყანაში კანონმდებლობის სრული დაცვით იყო შემოტანილი.

პაატა იმნაძის განმარტებით, კონკრეტულად, საუბარია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომლის გამოყენებითაც არც ერთ ადამიანს არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია.

"საქმე ეხება ცოფის ვაქცინას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატია. უფრო კონკრეტულად, თუ არ გაიკეთე ეს ვაქცინა, სიკვდილის რისკია. ვაქცინა შემოტანილი იყო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ადამიანებში, ცოფის არცერთი შემთხვევა ბოლო სამი წელია არ გამოვლენილა. ასევე გეტყვით, რომ ეს არის 1989 წლის მერე პირველი შემთხვევა, როცა ბოლო სამი წელია ცოფი არ ყოფილა ადამიანებში. ამ ვაქცინის გამოყენებას არც ერთი გართულება არ მოჰყოლია. ხოლო, ამ საკითხზე აუდიტის სამსახურის მიერ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა" - განაცხადა იმნაძემ.

მისი განმარტებით, "ეს ვაქცინა თუ არ გაიკეთა ადამიანმა, მოკვდება, ვინაიდან ცოფი არის 100%-იანი სასიკვდილო დაავადება. ამ ვაქცინით ვინც აიცრა, არც ცოფი დამართნია და არც რეაქცია ჰქონია".

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა.

myquiz