"ბასიანთან" სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას პროკურატურა ასაჩივრებს - ვინ არის ბრალდებული? | Allnews.Ge

"ბასიანთან" სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას პროკურატურა ასაჩივრებს - ვინ არის ბრალდებული?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საგამოძიებო ორგანო ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულ პირს, გირაოს სანაცვლოდ 30 000 ლარი შეეფარდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

AMBEBI.GE "ბასიანის" დაცვის უფროსის ზვიად მესხის ახლობელს ესაუბრა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ:

"შემთხვევის დროს თამაზ ქვლივიძე მარტო არ იყო. ის კლუბში მეგობართან, მიხეილ სვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ადმინისტრაციული მუხლით გაათავისუფლეს და გაუშვეს... თამაზ ქვლივიძემ ზვიადს დანით მიაყენა ჭრილობა, პოლიციელს დანა ხელით რომ არ დაეჭირა, ახლა 5 შვილის მამა ცოცხალი აღარ იქნებოდა. ახლა ის და სხვა დაშავებულებიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - ამბობს მესხის ახლობელი.

ცნობისთვის, კლუბ "ბასიანში" დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდამ დაცვის წევრები და პოლიციის თანამშრომელი იმის გამო დაჭრა, რომ მას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

myquiz