საველოსიპედო გზები, ელიავას ბაზრობა, ტრანსპორტი და სარეკრეაციო ზონები - რა შენიშვნები აქვს თბილისის მერიას გენგემასთან? | Allnews.Ge

საველოსიპედო გზები, ელიავას ბაზრობა, ტრანსპორტი და სარეკრეაციო ზონები - რა შენიშვნები აქვს თბილისის მერიას გენგემასთან?

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებას აქვეყნებს.

დოკუმენტი არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. მასში ასახულია ის შენიშვნები, რომელიც თბილისის მერიას და შესაბამის სამსახურს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით აქვს.

შენიშვნები შეეხება ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.

გენერალური გეგმის ის თავი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, არანაირ მონაცემებს და დამამტკიცებელ საფუძვლებს არ იშველიებს, გაურკვეველია რა პრინციპების საფუძველზე გაკეთდა ალტერნატიული გზები, - ნათქვამია გენერალური გეგმის პროექტის მისამართით თბილისის მერიის შენიშვნებში, რომელიც თბილისის მერიამ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს მიაწოდა.

"ასევე არ არის ნახსენები თბილისზე არსებული კვლევები და მონაცემები. ტექსტი უნდა ეყრდნობოდეს თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიას (2015), რომელიც თბილისის მთავრობის მიერ არის მოწონებული. ამჟამად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მუშაობს ამ სტრატეგიის განახლებაზე, რაც ასევე უნდა იქნას ნახსენები ტექსტში. გაურკვეველია რა პრინციპების საფუძველზე გაკეთდა ალტერნატიული გზები და სხვა შემოთავაზებები.

გენერალური გეგმის ეს თავი (ტომი 5. ნაწილი 1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება) არანაირ მონაცემებს და დამამტკიცებელ საფუძვლებს არ იშველიებს, როგორც ჩანს, არც ყოფილა გამოყენებული წინადადებების მომზადებისას. გენერალური გეგმა არ შეიძლება განვითარდეს მონაცემების გარეშე.

ნებისმიერი სტრატეგიული დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ნაწილს, რომელთა შორის კავშირები უნდა იყოს ნათელი: მდგომარეობის შესწავლა (მონაცემები და მეთოდოლოგია), ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება, პრინციპების განსაზღვრა, გადაჭრის გზები და სხვა. ამ ნაწილებს შორის პირდაპირი კავშირი, არის ის, რაც დოკუმენტს აძლევს ვალიდურობას და სანდოობას. მოცემულ დოკუმენტში ეს სტრუქტურა და მეთოდოლოგია აბსოლუტურად არ არის დაცული. სწორედ ამას ვგულისმობდით, კვლევებისა და სტრატეგიების რეფერენსირების ნაკლებობაში, რაც შემოთავაზებული მიდგომების საფუძველი უნდა იყოს”, - ნათქვამია შენიშვნებში.

მერია მიიჩნევს, რომ გენერალური გეგმის პროექტში უგულებელყოფილია მწვანე ქალაქის კონცეფციით გასათვალისწინებული პრიორიტეტები - სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები.

"გენგეგმის ჯგუფის პოზიცია, რომ იმ არეალებზე, რომლებზეც მოქმედ გენგეგმაში სარეკრეაციო ზონების ასახვა გამორჩენილია, მათი ასახვის, არსებულის დაზუსტების და შენარჩუნების ნაცვლად უმჯობესია მათ უმრავლესობას მოეხსნას ეს სარეკრეაციო ზონა და განესაზღვროს სხვადასხვა სამშენებლო ზონა. მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული მიდგომა მიუღებელია და მიაჩნია, რომ ნებისმიერი სკვერი მისი ფართობის მიუხედავად საჭიროებს სარეკრეაციო ზონის განსაზღვრას. საჭიროა მწვანე კორიდორების გაჩენა და ასახვა. ზონირების ნაწილში გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნას, არსებული და დაგეგმილი სატრანსპორტო ქსელი და გზის შემადგენელი ელემენტები", - აცხადებენ მერიაში.

შენიშვნებში ასევე საუბარია ელიავას ბაზრობასა და საველოსიპედო გზებზე:

"ელიავას ბაზრობის რელოკაციისა და ტერიტორიის სარეკრეაციო გამოყენების კონცეპტუალური პროექტი: ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ზონირება მოსაყვანია წარმოდგენილ კონცეფციასთან შესაბამისობაში; საველოსიპედო გზების კონცეფცია: წარმოდგენილი კონცეფცია არ ასახავს თბილისის მთლიან ველო ქსელს".

myquiz