ადგილობრივები ზაჰესში ცოლ-ქმრის მკვლელობის შესახებ გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ | Allnews.Ge

ადგილობრივები ზაჰესში ცოლ-ქმრის მკვლელობის შესახებ გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ

ადგილობრივების ინფორმაციით, ზაჰესში ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. ამასთან, როგორც რამდენიმე ადგილობრივმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილები იმავე ეზოში არსებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც მაღაზია ჰქონდათ.

როგორც მეზობლები ყვებიან, მძარცველები მაღაზიაში შესვლას უკანა კარიდან ცდილობდნენ. მათივე ინფორმაციით, მაღაზიიდან თანხა წაღებული არ არის.

ამასთან, ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილები პირველად დისტრიბუტორმა იპოვა და პატრულიც მან გამოიძახა.

"სადისტრიბუციო მანქანას მაღაზიაში ოჯახური სამზარეულოს პროდუქტი მოაქვს. ვხედავდი, რომ დისტრიბუტორი ხან ცოლს და ხან ქმარს ურეკავდა, თუმცა ტელეფონს არ პასუხობდნენ. როგორც წესი, ასეთი რაღაც მათ არ ახასიათებდათ. 07:00 საათზე მაღაზია ღია აქვთ ხოლმე. რომ ვერ დაუკავშირდა, მაღაზიაში გვერდითა კარიდან შევიდა და ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდა", - განაცხადა მაღაზიის გამყიდველმა მარინა სალდაძემ.

სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება მკვლელობის იარაღთან დაკავშირებით - თავდაპირველად ითქვა, რომ მკვლელობა ცივი იარაღით არის ჩადენილი, თუმცა შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების ამოღების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით. ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

თბილისში, ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა ზაჰესში წუხელ მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს. სავარაუდოდ, უცნობმა პირებმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109 მუხლებით დაიწყო. 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას, 109-ე კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

myquiz