გოგონა, რომლის ხმითაც ვიდეოთამაშ Civilization-ში თამარ მეფე ისაუბრებს | Allnews.Ge

გოგონა, რომლის ხმითაც ვიდეოთამაშ Civilization-ში თამარ მეფე ისაუბრებს

თამარ მეფის ხმა ცნობილ კომპიუტერულ თამაშ Civilization-ში 21 წლის ანანო მახარაძე გახდა, შესაბამისად, Civilization VI: Rise and Fall-ის 9-ში თამარ მეფე ჯარს სწორედ მისი ხმით შემოუძახებს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპიუტერული თამაშის Civilization-ის ახალ ვერსიაში საქართველო და ქართული ცივილიზაცია გამოჩნდება. კომპიუტერული თამაშის მოყვარულები თამარ მეფისა და იმ ეპოქის საქართველოს ისტორიასთან გაცნობასა და საკუთარი სამეფოს სწორედ თამარ მეფის ხელით მართვას შეძლებენ.

ანანო მახარაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტია. ამბობს, რომ არასდროს არაფერი გაუხმოვანებია და კანადური Signal Space-ის მიერ მისი ხმის შერჩევა მისთვის მოულოდნელი იყო.

"ხმის შესარჩევი ტურის შესახებ მეგობრისგან შევიტყე, რამდენიმე წინადადება ჩავწერე და გავგზავნე. არ ველოდი, რომ დამიკავშირდებოდნენ, ვფიქრობდი, ჩემზე უფროსის ხმას შეარჩევდნენ. ზაფხული იყო და გაგზავნის მერე თბილისიდან წავედი, 1 კვირაში კი მეგობარი დამიკავშირდა და მითხრა, რომ კანადურმა კომპანიამ მე შემარჩია და დამატებით დეტალებზე გასაუბრება სურდათ" - იხსენებს ანანო.

თავად Civilization-ი არასდროს უთამაშია, არც მისი გახმოვანებული პერსონაჟის საბოლოო ვერსია უნახავს, თუმცა ამბობს, რომ გამოსვლის შემდეგ აუცილებლად ითამაშებს და გაუხარდება, თუ ტურს წარმატებით დახურავს.

"არ ვიცი, ჩემი ხმა პერსონაჟს როგორ მოერგო, ჯერ არ მინახავს. ხმის ჩაწერის დროს, რომელიც ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, ქართულ კომპანიასთან ერთად კანადელებიც მეხმარებოდნენ, ისინი "სკაიპით" გვერთვებოდნენ და მეუბნებოდნენ, მაგალითად, "ახლა ჯარს შემოუძახე", რამდენჯერმე მაყვირეს, ბევრი რამ მოეწონათ, ბევრი თავიდან ჩავწერე, საბოლოო ჯამში კი მგონი კარგი გამოვიდა", - აღნიშნავს ანანო.

ამბობს, რომ იმ ისტორიული გმირის გახმოვანება, რომლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, ძალიან ნერვიულობდა და არ იცის, თამაშის ნახვის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში როგორი შთაბეჭდილებები შეექმნებათ.

"არ ვიცი, ამას ვინ როგორც მიიღებს, მაგრამ ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ასაკიდან გამომდინარე, ვერ წარმომედგინა, რომ თამარს ჩემი ხმით გაახმოვანებდნენ, თან საქართველოზე ასეთი თამაში პირველად გაკეთდა, მთავარი პერსონაჟი ქალია", - დასძენს ანანო მახარაძე Allnews.ge-სთან საუბარში.

ანანო სპექტაკლებში ხშირად თამაშობს, ორი სერიალის მსახიობიც იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ გახმოვანება ძალიან საინტერესო პროცესი იყო და მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას დიდი სიამოვნებით განაგრძობს.

ახალგაზრდა მსახიობმა თამარ მეფე აუდიო პოსტ-პროდუქციის კომპანია - Post Red Audio-ში გაახმოვანა. პროექტის მენეჯერის თინათინ ბაბაქიშვილის თქმით, პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა და სასურველი შედეგიც მიიღეს.

"ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება და შრომატევადი პროცესი. კანადური კომპანია, რომელიც სავარაუდოდ, თამაშის დეველოპერმა Firaxis Games-მა და 2K Games-მა ჩვენთან დასაკავშირებლად დაიქირავეს, თვითონ დაგვიკავშირდა, ძველი ქართულით დაწერილი, დამუშავებული ტექსტი, რომელზეც სერიოზულად ჰქონდათ ნამუშევარი თვითონ გამოგვიგზავნეს. ჰქონდათ ძალიან დიდი მოთხოვნები, ისეთი რომ ჩვეულებრივი სტუდია ამას ვერ ჩაწერდა, ჩვენ გადავიღეთ ვიდეოც, რომელსაც შემდეგ პირის მოძრაობას დაამთხვევენ, რომ პერსონაჟის პირის მოძრაობა არაბუნერივი არ იყოს. მეფე ქართულად ისაუბრებს, ქვეშ კი ინგლისური სუბტიტრები ექნება", - აღნიშნავს თინათინი.

"ძალიან დიდი ხნის წინ, თამაშების ფორუმებზე გაჟღერდა ამის შესახებ და ალბათ იყო მოთხოვნა, რომ ახალი თამაში დაემატებინათ, ალბათ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ქვეყნის დამატება რაღაც ეტაპზე ხალხი მოთხოვნად იყო. თამაშში ქალი ლიდერები არიან, არის მოთხოვნაც, რომ კიდევ უფრო მეტი დაემატოს, რადგან იყო ასეთი კომენტარები, რომ საჭიროა ბევრი ქალი ლიდერი გამოჩნდეს, ალბათ, თამარ მეფეც სწორედ ამიტომ აირჩიეს", - აღნიშნავს თინათინ ბაბაქიშვილი.

ვიდეოთამაში Civilization-ი სიდ მაიერმა 1991 წელს შექმნა. თამაშს პერიდულად ახალი სერიები ემატება, რომლის სწორედ მეექვსე ნაწილში საქართველო გამოჩნდება. სტრატეგიული თამაშის მოყვარულები კი ქართული სამეფოს მართვას მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან შეძლებენ.

myquiz