თბილისის ყველაზე ქარიანი უბნები
დიღომი ქალაქის დასავლეთი ნაწილია და ამიტომ დიღომი ჰაერის მასების შემოჭრას უფრო სწრაფად იღებს, შესაბამისად, აქ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარი ფიქსირდება ხოლმე, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, ჰაერის მასები თავდაპირველად დიღომში იჭრება, შემდეგ კი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილებში ვრცელდება.

სინოპტიკოსის თქმით, ზოგადად, ქარი მტკვრის ხეობაში შემოდის და მის მიდამოებში ქრის, შესაბამისად, მდინარის განაპირა უბნებში ქარი ხშირად ფიქსირდება.
"ქარი ხშირად არის ხოლმე საბურთალოზე, ვერა-ვაკეში უფრო ნაკლები სიძლიერის, გლდანში, ქარი განსაკუთრებით ძლიერი ქარია აეროპორტის მიდამოებშიც", - დასძენს ის.
დოდო გვაზავას თქმით, თბილისში ყველაზე ძლიერი, 41 მ/წმ სიმძლავრის ქარი 1972 წლის დეკემბერში აეროპორტის მიდამოებში დაფიქსირდა.

ქარის სიმძლავრეს ამ ადგილებში ღია, გაშლილი ტერიტორია განაპირობებს, რომელსაც შემაკავებლად არც ტყე და არც სხვა გარემოება არ აქვს.