საქართველოში გრიპის ვირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი - ხათუნა ზახაშვილი ვირუსის სიმპტომებზე საუბრობს | Allnews.Ge

საქართველოში გრიპის ვირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი - ხათუნა ზახაშვილი ვირუსის სიმპტომებზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი გრიპის ვირუსის გააქტიურებას ვარაუდობს. როგორც ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, ყოველ ზამთარს გრიპის ვირუსის აქტივაციის პერიოდი ევროპის რეგიონის ქვეყნებისთვის წინა წლის მეორმოცე კვირიდან იწყება და მიმდინარე წლის მე-20 კვირამდე გრძელდება.

"ამ პერიოდში ყოველთვის გამოიყოფა მცირე შუალედი, 5-8 კვირიანი პერიოდი, როდესაც გრიპის ვირუსი ამ ქვეყნების ტერიტორიებზე აქტიურად ცირკულირებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყოველ ზამთარს ასე ხდება და წელსაც ველ", - განმარტავს ხათუნა ზახაშვილი.

სპეციალისტს უჭირს დაზუსტება, ვირუსის გავრცელების პიკი როდისაა მოსალოდნელი, რადგან ამის ზუსტად განსაზღვრა, მისი თქმით, შეუძლებელია.

"ამის ერთადერთ საშუალებას მუდმივი ზედამხედველობა იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკვირდებით, ქვეყანაში რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს. გრიპის ვირუსის რეგისტრირებული შემთხვევა საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ცირკულაციას ანუ ფართო გავრცელებას გრიპის ვირუსი გამოვლენიდან ანუ გამოჩენის რეგისტრაციიდან 2-3 კვირაში იწყებს ხოლმე. შემდეგ აღწევს პიკურ მდგომარეობას, საბოლოოდ ისევ მცირდება. როგორც კი გრიპის ვირუსი გამოჩნდება, მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ", - აღნიშნავს ის.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, გრიპის ვირუსს რამდენიმე სიმპტომი ახასიათებს, რომელსაც ყურადღება დროულად უნდა მივაქციოთ. კერძოდ, გრიპის სიმპტომატიკა სწრაფად დაწყებული მაღალი ცხელებით ხასიათდება, რომელსაც თან ახლავს ყელის ტკივილი, ხველა და გამოხატულია საერთო ინტოქსიკაცია, რაც ხასიათდება კუნთებისა, სახსრებისა და თავის ტკივილით.

"გრიპის ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები, მოხუცები, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები. სწორედ ამიტომ ვაქცინაცია გრიპის ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. როგორც წესი, ვაქცინაციის ჩატარებიდან 2 კვირის თავზე ყალიბდება იმუნიტეტი, რაც ადამიანებს გრიპის მძიმე შემთხვევებისგან, გრიპის ყველაზე ცუდი გამოსავლებისაგან ან სიკვდილისგან იცავს",- განმარტავს ის.

სპეციალისტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მზადყოფნისათვის სახელმწიფომ შეიძინა 32 000 დოზა გრიპის ვაქცინა, რომელიც მიმართული იყო ყველაზე მაღალი რისკის მოწყვლადი პოპულაციისთვის. "კერძოდ, დიალიზზე მყოფი პირებისთვის, 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულთათვის, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და მათი მომვლელი, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გრიპის გავრცელების ფრონტის ხაზზე აღმოჩნდება ხოლმე. ასევე C ჰეპატიტით დაავადებულთათვის, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მკურნალობის ქვეშ იმყოფებიან და აივ ინფიცირებული პირებისთვის" - განმარტავს ხათუნა ზახაშვილი.

ვირუსის არსებობის შემთხვევაში კი რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:

"უნდა დარჩეთ სახლში, ამით თავს შესაძლო გართულებებისგან დაიცავთ და გარშემომყოფებსა და ფართო საზოგადოებას გრიპის ვირუსის გავრცელებისას აარიდებთ, მიიღეთ ბევრი სითხე და სიმპტომური მედიკამენტები, ესენია სიცხის დამწევები და ტკივილგამაყუჩებლები, ხოლო თუ გამოგივლინდათ ისეთი ნიშნები, როგორებიცაა სამ დღეზე მეტ ხანს გახანგრძლივებული ცხელება, რომელიც სიცხის დამწევებს ნაკლებად ექვემდებარება ან სამი დღის მერე შედარებით სტაბილიზაციის ფონზე სიცხის მატება ისევ ხდება, არის სუნთქვის გაძნელება, რომელიც გამოიხატება ცხვირ-ტუჩის არეში გალურჯებით, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისხლიანი ხველა, ცხვირიდან სისხლდენა, მიმართეთ ექიმს. პატარა ბავშვებში გრიპის ვირუსის სიმპტომები არის მივარდნილობა ან ზომაზე მეტად აგზნებულობა, ყიფლიბანდის შებერილობა-დაჭიმულობა, - ამ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ასეთ შემთხვევებში შესაძლოა, საჭირო მკურნალობაში იმ სპეციფიკური მედიკამენტების ჩართვა მოხდეს, რომლებსაც ექიმი განსაზღვრავს".

მისივე ინფორმაციით, გრიპის თავიდან ასაცილებლად, ვაქცინაციის გარდა მნიშვნელოვანია დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, ხშირად გავანიავოთ ოთახები და ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით.

myquiz