საქართველოში სათამაშოების ხარისხს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო შეამოწმებს | Allnews.Ge

საქართველოში სათამაშოების ხარისხს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო შეამოწმებს

ქართულ ბაზარზე არსებული ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების შემცველი სათამაშოების რეალიზაციის შეჩერების მაქსიმალური ვადა, ევროდირექტივების მიხედვით, 2019 წელია, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში შემუშავებული ცვლილებების თანახმად, ტექნიკური სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიეცემა უფლება, გლობალური დირექტივებით განსაზღვრული რისკის შემცველი პროდუქტების გაყიდვები შეაჩეროს, ბაზრიდან პროდუქტი ამოიღოს ან მომხმარებლებისგან გამოითხოვოს.

საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

"2018 წლის იანვრიდან სააგენტოში დაიწყება ტვინინგის პროექტი, რომელიც თანამშრომლების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გადამზადებასა ტრენინგს გულისხმობს. ამ ეტაპზე სათამაშოების იმპორტიორებთან და დამამზადებლებთან შეხვედრა უკვე გაიმართა, რომლებზეც ევროპული დირექტივის განხილვა მოხდა და მეწარმეებს ინფორმაცია იმ ძირითად მოთხოვნებზე მიეწოდათ, რასაც აღნიშნული დირექტივა აწესებს", - განმარტავენ სამინისტროში.

ექსპერიმენტი: რომელი საახალწლო სათამაშოა საფრთხის შემცველი

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი სათამაშოების რეალიზაციის შეჩერების შესახებ კანონპროექტი 2016 წლიდან უწყებაში შექმნილი მრჩეველთა ჯგუფის ჩართულობით მომზადდა. აღნიშნული ჯგუფი ბიზნეს ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული კავშირებისგან შედგება.

სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ პარლამენტი აღნიშნული ცვლილებების პაკეტის განხილვას წელს დაიწყებს.