პატრულის თანამშრომელი ყბის ძვლის მოტეხილობით საავადმყოფოშია მოთავსებული | Allnews.Ge

პატრულის თანამშრომელი ყბის ძვლის მოტეხილობით საავადმყოფოშია მოთავსებული

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყბის ძვლის მოტეხილობით სამედიცინო ცენტრ "გორმედშია" მოთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პატრულ-ინსპექტორს, რომელიც გორის ერთ-ერთ რესტორანში ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, ფიზიკური დაპირისპირება გვერდზე სუფრაზე მყოფ მოქალაქესთან მოუხდა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი პირადი ანგარიშსწორება გახდა, რომელიც წარსულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. კერძოდ, თვითმხილველები ყვებიან, რომ მოქალაქე პოლიციელს წარსულში ჯარიმის გამოწერის გამო გაუსწორდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ მაისურაძემ განუცხადა, პაციენტი სამედიცინო ცენტრ "გორმედის" სტაციონარში ყბის ძვლის დაზიანებით შეიყვანეს. მას ოპერაცია გაუკეთდა. ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და "გორმედის" ექიმები სტაციონარიდან მისი გაწერის მიზანშეწონილობაზე დღეს იმსჯელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. სხვა დეტალებს შსს-ში არ აკონკრტებენ. მათი განმარტებით, დეტალებს გამოძიება დაადგენს.

myquiz