ხორავას ქუჩაზე, დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი | Allnews.Ge

ხორავას ქუჩაზე, დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, დაჭრილებიდან ერთი პირველი ექსპერიმენტული, მეორე კი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მათგან ერთ-ერთს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს ("ინტერპრესნიუსი" მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს), სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა და საავადმყოფო მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ინფორმაციით, აღნიშნული პირი საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დაჭრისთვის ბრალი პროკურატურას არავისთვის წაუყენებია.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირება, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა, გასული წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა და 51-ე სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა.

საქმეზე პროკურატურის მიერ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი არასწრულწლოვანია დაკავებული, გ.ბ. და გ.ჯ.

გარდა ამისა, საქმეზე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ბრალი კიდევ სამ პირს აქვს წაყენებული.

საქმის მასალების თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. მეორე ბრალდებული გ.ჯ. კი პროკურატურას რამდენიმე დღის შემდეგ ჩაბარდა.

რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

აღნიშნული შემთხვევის დროს კიდევ ორი მოზარდის დაჭრის შესახებ ინფორმაცია მედიით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

myquiz