ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების ვადები და დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი | Allnews.Ge

ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების ვადები და დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო, რომელიც, ავტომფლობელთა ინტერესების გათვალისწინებით, ეტაპობრივად განხორციელდება.

როგორც Allnews.ge-ს ეკონომიკის სამინიოსტრომ აცნობა, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებულმა (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალებამ უნდა გაიაროს, რისთვისაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპები განისაზღვრა:

ა) 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;

ბ) 2018 წ. 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები;

გ) 2018 წ. 1 ოქტომბრიდან - M1 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები;

დ) 2019 წ. 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გრაფიკი კი ასეთია:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით. მაგალითად: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება არის M1 (მსუბუქი) კატეგორიის და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/10/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2019 წლის 28 ოქტომბრამდე.

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ინსპექტირება განხორციელდება რეგისტრაციის შემდგომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი, კერძოდ:

ა) სამგზავრო (8–ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მძღოლის ადგილის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ - წელიწადში ორჯერ;

ბ) სატვირთო (3.5 ტ. ნებადართული მაქსიმალური მასის და ზემოთ ) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;

გ) მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი (3,5ტ. ნებადართული მაქსიმალური მასის და მეტი)- ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;

დ) სასწრაფო დახმარება და ტაქსი - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;

ე) მსუბუქი სამგზავრო (არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის მძღოლის ადგილის გარდა)- ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი ყოველ წელიწადს;

ვ) მსუბუქი სატვირთო (არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის მძღოლის ადგილის გარდა)- ოთხი წლის მერე გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი და მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ეღირება 60 ლარი, ხოლო ყველა სხვა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ან საბანკო მომსახურების მეშვეობით, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში. თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც). თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება იგივე ცენტრში (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება უფასო, ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით. ასევე ტესტირების სრული ღირებულების გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში (30 კალენდარული დღე) ავტომობილით გადაადგილება არ იკრძალება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს დამატებითი სირთულე აღნიშნული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინვესტირებისას არ შეექმნებათ. მათ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების კორექტირება მოუწევთ. მიდგომა ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

რაც შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ, თუმცა, ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა იკრძალება.

გამონაბოლქვი

ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა იმოქმედებს, რომელიც გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა უნდა დააკმაყოფილოს.

ჯარიმა

მძღოლს, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

აგრეთვე, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან ინდმეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. მაგალითად, თუ ერთმა ფიზიკურმა სამართავად გადასცა მეორე ფიზიკურ პირს ავტომობილი, რომელსაც არ აქვს გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ასეთ შემთხვევაში თითოეულს ცალ-ცალკე დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484. მასზე დარეკვა შესაძლებელია საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდან, მხოლოდ ცხელი ხაზის ნომრის - 1484 აკრეფით.

კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან.

ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს.

ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.pti.ge მეშვეობით. ამ გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად.

ვიზიტის დაგეგმვის შედეგად მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით ვიზიტის დაგეგმვის შესახებ, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმარტფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ლინკით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს.

ავტოსატრანსპორტო მფლობელს, ონლაინ-რეზერვაციის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.

ვიზიტის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებითაც.

ვის არ ეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება?

ა) ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;

გ) ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);

დ) იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;

ე) სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.

myquiz