ვისთვის იქნება დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო? - იხილეთ საპენსიო რეფორმის დეტალები | Allnews.Ge

ვისთვის იქნება დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო? - იხილეთ საპენსიო რეფორმის დეტალები

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება 2018 წლის მესამე კვარტალში იგეგმება, თუმცა ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა და დეტალების დაზუსტება არ განხოციელებულა.

კანონპროექტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ფონდში შენატანის გადარიცხვის ვალდებულება არ ექნებათ ასაკით პენსიონერებს, ასევე რეფორმა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და არ იღებენ შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო არ იქნება იმ დასაქმებული ან თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებიც გადასახადის გადამხდელად არ არიან რეგისტრირებული.

რეფორმა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან არარეზიდენტი ფიზიკური პირები და მიუხედავად დასაქმებისა მათი საშემოსავლო გადასახადი არ კავდება.

გაიგეთ რამდენი იქნება თქვენი პენსია დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ

ვისთვის არის სავალდებულო საპენსიო შენატანების განხორციელება?

შენატანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება თითოეულ დასაქმებულს, თუმცა რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც 40 ან მეტი ასაკის არიან, შეძლებენ ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა და მათ მოეხსნებათ გადახდის ვალდებულება. სისტემის დატოვებისთვის ამ კატეგორიის ადამიანებს ექნებათ 2 თვე.

ასევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, თითოეული თვითდასაქმებული სისტემაში წევრიანდება ნებაყოფლობით, ხოლო დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის შემთხვევაში, თითოეული თვითდასაქმებული შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით განახორციელებს, ხოლო მის სასარგებლოდ სახელმწიფო გადარიცხავს მისი დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

რაც შეეხება დასაქმებულს, მას საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ხელფასის 2% შეაქვს. ამასთან ერთად, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულია, რომ დასაქმებულს თითოეულმა გადაუხადოს მისი დაუბეგრავი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის 2%-ის ოდენობის საპენსიო შენატანი.

კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულის შემთხვევაში, როდესაც საანგარიშო წლის განმავლობაში, დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი მიაღწევს 60 000 ლარს, მას საპენსიო შენატანის გადახდის უფლება და ვალდებულება ამ საანგარიშო წლის განმავლობაში უწყდება, ისევე როგორც მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს.

საპენსიო სქემის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი იქნება სსიპ საპენსიო სააგენტო, რომელიც კანონის საფუძველზე იქმნება. როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, სსიპ საპენსიო სააგენტო ორგანიზებულია იმგვარად, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მონაწილეთა საპენსიო აქტივების უსაფრთხოება და მათზე გრძელვადიანი საინვესტიციო მოგების მაქსიმიზაცია.

უწყების ინფორმაციით, შენატანების ადმინისტრირების პროცესი აწყობილია ისე, რომ ამ შენატანებს არანაირი შემხებლობა არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტთან და სახელმწიფო ხაზინასთან. შესაბამისად, მისი გადახდა არ ხორციელდება სახელწიფო ბიუჯეტში და ეს თანხები არის დაცული საკუთრების უფლებით, რაც ასევე ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხები არ მიემართება საზოგადოებრივი სარგებლის შესაქმნელად, ის განთავსდება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და მოხმარდება მხოლოდ მის ინდივიდუალურ ინტერესებს.

საპენსიო სააგენტო ორგანიზებულია იმგვარად, რომ გამიჯნულია მის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პოლიტიკა და შენატანების, საპენსიო განაცემების და სხვა ადმინისტრაციული საკითხები.

კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეთა ინტერესები მაქსიმალურად იქნას დაცული, თუმცა, სამეთვალყურეო საბჭოს არავითარი კავშირი არ აქვს საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებასთან და განხორციელებასთან, რადგან აღნიშნულს განახორციელებს 5 წევრისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭო, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

დამატებით შეკითხვებზე პასუხს ეკონომიკის სამინისტრო გვთავაზობს.

როდის შეგვიძლია დაგროვებული პენსიის გატანა?

პენსიის გატანა, ლიმიტირებული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკში, რომელიც მამაკაცების შემთხვევაში შეადგენს 65 წელს, ხოლო ქალის შემთხვევაში 60 წელს. თუმცა, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მისი საპენსიო დანაზოგის მთლიანი თანხით მიღება.

პირის გარდაცვალების შემთხვევაში რა მოსდის საპენსიო დანაზოგს?

საპენსიო დანაზოგი წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას, შესაბამისად მასზე უფლებები გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრეს.

რა ფორმით შეეძლება მემკვიდრეს პენსიის მიღება?

გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან საპენსიო აქტივების გადატანით მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

შემეძლება თუ არა ჩემი დანაზოგის ნახვა?

თითოეულ მონაწილეს გაწევრიანებისთანავე შეექმნება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიში და უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციით ელექტრონული წვდომის საშუალებით, ასევე ყველასათვის იქნება შესაძლებელი შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული მდგომარეობის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე ნებისმიერ მისთვის მისაღებ დროს.

ვინ არის საპენსიო სააგენტოს მარეგულირებელი?

ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას, ხოლო სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.

არის თუ არა მონაწილის საპენსიო აქტივები დაზღვეული დანაკარგისგან?

საპენსიო აქტივების დანაკარგისგან დაზღვევის გარანტიას წარმოადგენს საინვესტიციო ინსტრუმენტების დივერსიფიკაცია, რაც კანონით არის უზრუნველყოფილი. თუ დანაკარგის რისკი მაინც დადგა, კანონით განსაზღვრულია დროებითი ადმინისტრირების რეჟიმი. რაც შეეხება სხვა ტიპის გარანტიებს, ამის იდენტიფიცირება შემდგომ ეტაპზე მოხდება, საპენსიო ფონდის ზრდის კვალდაკვალ.

რა ვითარებაში ხდება დროებითი ადმინისტრირების რეჟიმი?

კანონი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ დადგა საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებებით.

რჩება თუ არა არსებული საბაზისო პენსია? და მოხდება თუ არა ინდექსაცია?

სახელმწიფო პენსია რჩება დაგროვებით პენსიასთან ერთად. ასევე, განიხილება სახელწიფო პენსიის ინდექსაცია შერჩეული პარამეტრის მიხედვით.

რას ნიშნავს ნდობითი ვალდებულების მქონე პირი?

კანონით განისაზღვრება "ნდობითი ვალდებულების" კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ყველა პირი, რომელიც საპენსიო აქტივების მართვის კუთხით ფლობს უფლებამოსილებას, ვალდებულია აქტივები მართოს ისე, როგორც მართავდა საკუთარ აქტივებს და წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვალდებულების მქონე პირზე ვრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების ღონისძიებები.

როდიდან დაიწყება სისტემაში ჩართვა?

სისტემაში ჩართვა დაიწყება 2018 წლის მე-3 კვარტლიდან. შესაბამისად, ამ პერიოდიდან ჩაირთვება დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს უფლება და ვალდებულება განახორციელონ შენატანები სისტემაში.

myquiz