ქუჩები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დაიწერა | Allnews.Ge

ქუჩები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დაიწერა

2017 წლის 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ე.წ ჭკვიანი კამერების მიერ დაფიქსირებული დარღვევების შედეგად თბილისში ყველაზე მეტი 4 958 ჯარიმა რუსთაველის გამზირზე დაფიქსირდა - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ჭკვიანი კამერების მიერ დაფიქსირებული დარღვევებით თბილისის ქუჩებს შორის მეორე ადგილზე შარტავა - ბულაჩაურია, სადაც 2 238 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, შემდეგ მოდის ბელიაშვილის ქუჩა 1 750 ჯარიმით, მეოთხე ადგილზეა მარშალ გელოვანის გამზირი - 1 579 დარღვევით, ხოლო მეხუთე პოზიციას სააკაძე-კოსტავა - 1518 ჯარიმით იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით 3 000-მდე ე.წ ჭკვიანი კამერა დამონტაჟდა. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით მისდის ინფორმაცია.

რამდენმა მძღოლმა ისარგებლა ვიდეოჯარიმაზე 20%-იანი ფასდაკლებით ერთ თვეში?

ასევე, კანონის თანახმად, თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20% შეუმცირდება.