ქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკა-ქუთაისის რეისი ვერ შესრულდა | Allnews.Ge

ქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკა-ქუთაისის რეისი ვერ შესრულდა

ქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკა-ქუთაისის რეისი ვერ შესრულდა. რეისი 12.45 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ვერ განხორციელდა. ამის მიზეზი „ქუთაისი-კავალას“ რეისის შეფერხება გახდა. როგორც აეროპორტში მყოფი მგზავრები აცხადებენ, კავალადან თვითმფრინავი ქუთაისამდე ვერ ჩამოფრინდა და ის ქალაქ სოფიაში დასვეს. აღნიშნული ხომალდით ქუთაისიდან გასამგზავრებელი მგზავრები ამ დრომდე აეროპორტში არიან.

"დილიდან ველოდებით, ბოლოს გვითხრეს, რომ 13.00 საათზე გავფრინდებოდით, თუმცა ამ დრომდე აქ ვართ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა თათია გოქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი-კავალა, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, მგზავრების ტრანსპორტირებას სოფიადან კავალას მიმართულებით ავიაკომპანია უზრუნველყოფს.

ამასთან, სოფიას აეროპორტში დაშვებული ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებს, რომ ისინი უკვე რამდენიმე საათია ბულგარეთში, სოფიას აეროპორტში იმყოფებიან.

myquiz