ექიმი - სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა | Allnews.Ge

ექიმი - სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, ზოგიერთი პარამეტრი კი გაუარესებულია.

"ჩატარებული კვლევების შედეგად გამოჩნდა, რომ მთელი რიგი პარამეტრები გაუარესდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. მიმდინარეობს ვაზო-ინოტროპული მხარდაჭერა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი წნევის პარამეტრების შენარჩუნება ხერხდება სპეციალური მედიკამენტების საშუალებით", - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

myquiz