ლაზერული ეპილაციის შედეგად პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - როგორია კომპანიის პასუხი | Allnews.Ge

ლაზერული ეპილაციის შედეგად პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - როგორია კომპანიის პასუხი

ლაზერული ეპილაცია, რომელიც საქართველოში ძალიან გავრცელებული და პოპულარულია, როგორც ჩვენთვის სასურველ, ისე ხანდახან უარყოფით შედეგსაც იძლევა, რაც ეპილაციის აღნიშნული ფორმის ერთ-ერთი მომხმარებლის, ნინი ხარშილაძის შემთხვევაში მოხდა.

როგორც ნინი ხარშილაძე Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, ლაზერული ეპილაციის შედეგად, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "ლოტუსში" ერთ ხელზე მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო, მიზეზად კი გაუმართავ აპარატურას ასახელებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ "ლოტუსში," სადაც განმარტავენ, რომ აღნიშნულ პრობლემას ალეგიული დერმატიტი ეწოდება და მისი წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმის მიერ კონკრეტული პროცედურის მიმღებლობაზეა დამოკიდებული.

"ეპილაცია 10 დეკემბერს გავიკეთე, თუმცა რადგან აგვისტოში მიღებული ნამზეური მქონდა, რომელსაც შემდეგ სექტემბერშიც დავამატე, ვთხოვე, დაეტესტათ და ინფორმაცია რუჯის შესახებაც მივაწოდე. ექიმმა შემამოწმა და მკლავზე, როგორც თავად მითხრეს, ყველაზე მგრძნობიარე ადგილებში ორი იმპულსი შეუშვა. განმიმარტეს, რომ თუ ეს ადგილები დაიწვებოდა, ეპილაციას ამ კონკრეტული იმპულსით არ გამიკეთებდნენ. დავაკვირდი და რადგან გაწითლება არ მქონია, მივედი 6 დღის შემდეგ და ჩვეულებრივად მივიღე მომსახურება.

ეპილაციის გაკეთების პროცესში, როგორც კი ექიმმა შემატყო, რომ ცალი მკლავი დამიწვა, როგორ ჩანს, მეორე მკლავზე იმპულსს დაუწია. მე პირველად გავიკეთე ლაზერული ეპილაცია და არ ვიცოდი, რამდენად უნდა მეგრძნო წვა და, როდესაც ამის შესახებ კითხვა დამისვა, ვუპასუხე, რომ აუტანელ წვას არ ვგრძნობდი, თუმცა მარჯვენა ხელზე აღნიშნული შეგრძნება თითქმის არ მქონია. შემდეგ რაღაც შეცვალა და ამის შედეგად დამწვრობა მარჯვენა მკლავის ზედა ნაწილზეც მივიღე, არ ვიცი, კონკრეტულად რატომ.

მარცხენა ხელზე, რომელიც ძალიან დამეწვა, ქაფი დამასხა და მითხრა, რომ ეს პრობლემას მომიხსნიდა, შემდეგ მაკვირდებოდა და ვითარებას აკონტროლებდა. მივხვდი, რომ ექიმმა ძალიან ინერვიულა და სამკურნალო მალამოც მირჩია, რომელიც ჩემი ხარჯებით შევიძინე. საღამოს ადმინისტრატორმა მომიკითხა და მასაც შევატყობინე, რომ ძალიან მძიმე ტკივილს ვგრძნობდი. სამი დღის განმავლობაში ვისვამდი მალამოებს, შემდეგ მივედი და ამ პერიოდის განმავლობაში "ლოტუსიდან" არავის მოვუკითხივარ," - იხსენებს ნინი.

მისი თქმით, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში მისვლის შემდეგ, მენეჯერმა ოთახში შეიყვანა, დამწვარ ხელზე განუმარტა, რომ ეს საგანგაშო არ არის. შემდეგ ნინი ხარშილაძემ მეგობართან ერთად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა, რათა მომხდარი დაეფიქსირებინა.

"საპატრულო პოლიციამ მენეჯერსაც და დირექტორსაც მიმართა, რომ ვერ ატყობდა, თუ ვითარების გამოსწორებასა და ჩემთან თანამშრმლობას ცდილობდნენ. რაზეც მათ უპასუხეს, რომ ერთმანეთთან შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევდით" - აღნიშნავს ის.

როგორც ნინი ხარშილაძე აღნიშნავს, მისთვის ბოდიში ექიმს ამ დრომდე არ მოუხდია, "ლოტუსის" ადმინისტრაციას კი დროული კომუნიკაცია არ აქვს, თუმცა მკურნალობის ხარჯებს ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ანაზღაურებს.

"მე იქ არც ხელის დასაწვავად მივსულვარ და არც ლაქების მისაღებად და ჩემთვის მეორე ხარისხის დამწვრობა ნამდვილად საგანგაშოა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში არ გავავრცელე, მაგრამ ვინც ნახა ყველამ მირჩია, რომ ეს ყველაფერი Facebook-ზე დამწერა, რადგანაც ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს," - დასძენს ნინი ხარშილაძე და აღნიშნავს, რომ პაციენტების რიგის გამო ის "ლოტუსის" მიერ შეთავაზებულ ანკეტას დეტალურად ვერ გაეცნო და მანიპულაციის ჩატარების შესახებ თანხმობას ხელი პირდაპირ მოაწერა, თუმცა თუ ეპილაციის ჩატარება არ შეიძლებოდა, ექიმს ამის შესახებ უნდა ეცნობებინა.

"ლოტუსის" წარმომადგენელი, ანა იმედაშვილი ნინი ხარშილაძის ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ მანიპულაციამდე პაციენტს აუცილებლად აცნობენ ანკეტას, სადაც მოცემულია, თუ რა შედეგი მოჰვება კონკრეტულ პროცედურას, რაც ნინი ხარშილაძის შემთხვევაშიც მოხდა.

"პაციენტი ნამდვილად გარუჯული იყო და სპეციალისტმაც აუხსნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამისი სურვილი ჰქონდა, მუშაობა დაბალი იმპულსით უნდა მომხდარიყო, რათა დამწვრობა თავიდან აეცილებინა. პროცდურის 14 იმპულსით ჩატარდა, რაც ანკეტაშიც აღნიშნულია. მანიპულაციას ერთ ხელზე მოყვა რეაქცია ანუ, როგორც დერამატოლოგმა შეაფასა, ალერგიული დერმატიტი, რომელიც დამწვრობის სახით გამოვლინდა. ეს რომ ყოფილიყო ძველი აპარატით, ექიმის მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით ან არაპროფესიონალიზმით მომხდარი და თანაც დამწვრობა, როგორც პაციენტი ამბობს, რასაკვირველია, ეს შედეგი ორივე ხელზე გამოვლინდებოდა.

ეპილაციის შედეგი დამოკიდებულია კანზე და პაციენტზე, რა გააკეთა მან მანიპულაციის შემდეგ, ცხელ წყალთან ხომ არ ჰქონდა კონტაქტი და ა.შ" - განმარტავს ანა იმედაშვილი.

მისი თქმით, კონკრეტულ პროცედურაზე ადამიანებს არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ და როგორც ცენტრის ადმინისტრაციამ პაციენტს გააცნო, კანზე ასეთი შემთხვევები ხდება.

"თუ ეს ჩვენი ან ექიმის დაუდევრობით ან გაუმართავი აპარატის გამო მოხდებოდა, ჩვენთვისაა საინტერესო, რომ გამოგვესწორებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობა ჩვენთვის საინტერესოა, 7 წელი იმიტომ ვართ ბაზარზე, რომ უკან კარგი განწყობა გვიბრუნდება," - დასძენს ის.

ანა იმედაშვილის თქმით, დაზარალებული პაციენტის მეგობარი მას რამდენჯერმე არაკორექტულად ესაუბრა, ასევე ნინი ხარშილაძესთან კომუნიკაციას კომპანია აქტიურად ცდილობს და მას მკურნალობის ხარჯებს უნაზღაურებს.

"ჩვენ გვაქვს აპარატი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ესთეტიკის სფეროში ოქროს სტანდარტადაა აღიარებული და ბუნებრივია, ამ აპარატთან და სპეციალისტებთან პრობლემა ვერ იქნებოდა, ისინი ძალიან გამოცდილები არიან," - განმატავს ანა იმედაშვილი.

ამჟამად, ნინი ხარშილაძე ხელზე არსებული პრობლემის მკურნალობას აგრძელებს, მისი თქმით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იმედი აქვს, რომ კანზე პიგმენტური ლაქები არ დარჩება.

myquiz