როდიდან დაიწყება ელექტრონული რეცეპტების გაცემა და ვისთვის იქნება სავალდებულო | Allnews.Ge

როდიდან დაიწყება ელექტრონული რეცეპტების გაცემა და ვისთვის იქნება სავალდებულო

რეცეპტების გაცემის ელექტრონული სისტემა 2018 წლის პირველ კვარტალში ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ამოქმედდება.

თავდაპირველად, ელექტრონული რეცეპტის გამოწერის ვალდებულება თბილისში არსებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს ექნებათ, მოგვიანებით კი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი განმარტავს, რეცეპტების ამ სახით გამოწერის ვალდებულების შესახებ რეგულაცია სხვა დიდ ქალაქებშიც ამოქმედდება.

ელექტრონული რეცეპტების გამოწერის მექანიზმსა და მისი მოქმედების სხვა დეტალებზე Allnews.ge-ს ნათია ნოღაიდელი ესაუბრა.

რას გულისხმობს ელექტრონული რეცეპტების სისტემა და რა არის მისი ამოქმედების კონკრეტული თარიღი?

ამ სისტემის ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან არ იგეგმება, ალბათ 1-ელ კვარტალში ამოქმედდება, ზუსტი თარიღის დასახელება ჯერჯერობით მიჭირს. რეცეპტების ელექტრონული სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჩართულ სტაციონარულ დაწესებულებებს ექნებათ ვალდებულება, ქალაქ თბილისში რეცეპტი მხოლოდ ელექტრონული სახით გამოწერონ. ანუ ფორმა 3 რეცეპტი უნდა აწარმოონ სამინისტროს ელექტრონული რეცეპტის საშუალებით.

პირველ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტების სისტემის მხოლოდ თბილისში ამოქმედებას რაც შეეხება, საქმე ისაა, რომ ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს- თავდაპირველად კი ეს არის ინტერნეტის უწყვეტი მიწოდების საკითხი მთელი საქართველოს მასშტაბით, არსებული დაწესებულებებისა და ექიმების კომპიუტერებით აღჭურვა და ზოგადად, პერსონალისთვის ელექტრონული სისტემის მოხმარების უნარ-ჩვევების სწავლება. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ეს სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდეს. ანუ პროცესის დაგეგმვა გონივრულად ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ უწყვეტი ინტერნეტის მიწოდება საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით არ არის უზრუნველყოფილი და გარდა ამისა, რომ კლინიკებმა ელემენტარულად გადაიარაღება და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა უნდა მოასწრონ, რათა ელექტრონული რეცეპტების გამოწერა შეძლონ.

რეცეპტის ელექტრონულად გამოწერის ვალდებულება ჯერჯერობით არ ექნებათ თბილისში არსებულ ამბულატორიულ კლინიკებს.

როგორ შეძლებენ პაციენტები ელექტრონული რეცეპტით აფთიაქში მედიკამენტების შეძენას?

ეს ბრძანება დამტკიცდა 2016 წლის აგვისტოში და პრაქტიკულად, მასში მთლიანი სისტემაა გაწერილი. ეს არის ელექტრონული სისტემა, რომლის მომხმარებელი, როგორც სამედიცინო დაწესებულების ექიმი, ასევე პაციენტია. როდესაც ექიმი რეცეპტს ელექტონულად გამოწერს და პაციენტი აფთიაქს ამ მედიკამენტის განაღდების მიზნით მიმართავს, იქ წარადგენს თავის პირად ნომერს და უკვე აფთიაქს კომიუტერში უჩანს ამ პაციენტზე გამოწერილი ელექტრონული რეცეპტი. ეს არის ელექტრონული სისტემა, რომელშიც ჩართულია ერთი მხრივ ექიმი, მეორე მხრივ სააფთიაქო დაწესებულება.

 რატომ გახდა საჭირო რეცეპტების ელექტრონული სისტემის ამოქმედება?

რეცეპტის ქაღალდის მატარებელზე წარმოება ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ პაციენტს მისი დაკარგვით შეიძლება პრობლემა შეექმნას. პაციენტისთვის და ექიმისთვის ძალიან მარტივია ეს სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით ექიმს ინფორმაცია მოაქვს სხვადსხვა ბაზიდან, მაგალითად, წამლის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ წამლის რეესტრიდან მოდის. ზოგადად, ელექტრონული რეცეპტი მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია, მაგალითად, ეს აშშ-ის რამდენიმე შტატშია დანერგილი, ასევე როგორც ევროკავშირის, ისე ყოფილი ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს. ამავდროულად, ეს ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის არის ანალიტიკის ძალიან კარგი წყარო.

 თბილისის გარდა სხვა ქალაქებში როდის ამოქმედდება რეცეპტების აღნიშნული სისტემა?

ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი მიჭირს, იმიტომ, რომ საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის, რადგან პარამეტრები ზუსტდება. შეიძლება, თბილისსა და დიდ ქალაქებში ერთობლივად დიაწყოს, შესაძლებელია ჯერ თბილისში ამოქმედდეს და შემდეგ დიდი ქალაქები ჩაერთოს, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე პასუხის გაცემა მიჭირს.

 კონკრეტულად ვის ექნება რეცეპტებზე წვდომა და რამდენად დაცული იქნება პერსონალური მონაცემები?

რეცეპტზე წვდომა ექნება ექიმს, პაციენტსა და აფთიაქს. აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად გათვალისიწნებულია პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. პაციენტი არის სისტემის მომხმარებელი და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს მის შესახებ არსებულ პერსონალურ ინფორმაციას, აქედან გამომდინარე ის დაცულია.

myquiz