როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში და რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები? | Allnews.Ge

როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში და რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით 254 ბავშვს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც მათ 10%-ს სისხლში 10 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტი ტყვიის შემცველობა დაუდგინდა, ხოლო 33%-ს 5 მიკროგრამი და მეტი.

ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას განმარტებით, კვლევა მთელი ქვეყნისთვის რეპრეზენტატული არ არის, თუმცა თუ სხვა ქვეყნების მონაცემებს შევადარებთ, ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ტყვიის გავრცელება კი ლელა სტურუას დაკვირვებით, ბავშვების ორგანიზმში შეიძლება, ძირითადად, როგორც სამშენებლო, ისე სათამაშოების საღებავიდან ხვდებოდეს.

"ჩვენი დაკვირვებით, ტყვიის მაღალი მაჩვენებელი უფრო მათ ორგანიზმში იყო, ვინც ძველ აშენებულ სახლში ცხოვრობდა და ძველი რემონტი ჰქონდა, რადგან ადრე ტყვია მომწამვლელად არ მიიჩნეოდა და შესაბამისად, მასალებში მისი კონცენტრაციაც არ მოწმდებოდა" - განმარტავს სპეციალისტი.

მისივე თქმით, სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრისთვის ანალიზი საქართველოშიც კეთდება და მისი ღირებულება დაახლოებით 103 ლარია, - "ანალიზს საქართველოში იღებენ და შემდეგ უცხოეთში აგზავნიან ლაბორატორიაში" - აღნიშნავს სპეციალისტი.

ლელა სტურუას განმარტებით, ჩვენი ქვეყნის პირობებში პრობლემის მასშტაბი რომ დავინახოთ, ამისთვის საჭიროა უფრო დიდი კვლევის ჩატარება, რაც 2018 წლისთვის იგეგმება, - "ვაპირებთ, რომ კვლევამ 0-5 ან 2-5 წლის ბავშვები მოიცვას, რომ ქვეყნისთვის რეპრეზენტატული შედეგი მივიღოთ ანუ ვიცოდეთ, რამდენს აქვს ამ ასაკში ტყვიის კონცენტრაცია მომატებული და რა არის ტყვიის შემცველობის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში" - ამბობს Allnews.ge-სთან საუბრისას ლელა სტურუა.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბავშვის ორგანიზმში ტყვიის მაღალ კონცენტრაციას? ამ საკითხზე ჩვენ ტოქსიკოლოგ ინგა ღვინერიას ვესაუბრეთ.

მისი  განმარტებით, ტყვია, რომელიც ბავშვის ორგანიზმში როგორც საკვებიდან და წყლიდან, ისე გარემოში არსებული ნივთებიდანაც შეიძლება მოხდვეს, იგი ბავშვის ზრდა-განვითარებას უშლის ხელს, განსაკუთრებით მძიმედ კი ნერვულ სისტემაზე აისახება.

"ძნელი განსასაზღვრია, თუ ტყვია რა ტიპის საკვებში შეიძლება იყოს, თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნულ მეტალს მკვეთრი ფერის საღებავი შეიცავს, თუმცა აქ ხარისხსაც გააჩნია, მნიშვნელობა აქვს ვისი შემოტანილია. მკვეთრად შეღებილი სათამაშოები შეიცავენ ტყვიის დიდ რაოდენობას, ეს საკვებსაც ეხება და ამის კლევას სურსათის უვნებლობის სააგენტო ატარებს. ტყვია გარემოში შეიძლება გაჩნდეს გამონაბოლქვისა და სამშენებლო სამუშაოების შედეგადაც. ტყვიის მიმართ ბავშვები ძალიან მოწყვლადი კონტიგენტია, რადგან ისინი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს, დედის ორგანიზმიდან იღებენ ტყვიას, ამიტომ ამ მხრივ ორსულები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობაზე ორსულთა გამოკვლევა არ ხდება, როცა ის პლაცენტარულ ბარიერს ადვილად გადის და ჩვილის ორგანიზმში, მაგალითად, თავის ტვინსა და ძვლებში გროვდება, შესაბამისად, ბავშვი უკვე იბადება გარკვეული რაოდენობით ტყვიის კონცენტრაციით და შემდეგ ემატება გარემოდან მიღებული ტყვია. მეტალი დედის რძითაც გადადის. ბავშვის ორგანიზმმა მეტალი სათამაშოებისა და შესახვევი მასალებიდანაც ხვდება. ასევე დედები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ რემონტის დროს ჩამონაფხეკი ბავშვმა პირში არ ჩაიდოს, რადგან შეიძლება, ის ტყვიას შეიცავდეს",- აღნიშნავს ინგა ღვინერია Allnews.ge-სთან საუბრისას.

შემოწმებული 44 ჩინური სათამაშოდან 21 ბავშვისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა

ტოქსიკოლოგის ინფორმაციით, ორგანიზმში შეჭრილი ტყვია მაშინვე სისხლში გადადის, ერითროციტებში ხვდება და ჰემოგლობინის წარმოშობას უშლის ხელს, უარყოფითად კი ძირითადად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს.

"ძნელია შევაფასოთ, ბოლო წლებში ამ მხრივ რამდენად დამძიმდა ვითარება, მაგრამ ნათელია, რომ მთელი რიგი დაავადებები ბავშვებში გაახალგაზრდავდა. ასევე ზრდასრულების შემთხვევაში არ ხდება იმ ადამიანების ჯანრთელობის მდგომარეობის შესწავლა, რომლებიც ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე ადგილებზე არიან დასაქმებულები, ეს იქნება მეტალის გამოდნობა, აკუმულატორებზე მუშაობა და სხვა, თუნდაც სადაც შედუღება ხდება და სხვა", - დასძენს სპეციალისტი.

ტოქსიკოლოგის რეკომენდაციით, მშობელი უნდა დააკვირდეს, ბავშვის ზრდის ფაქტორს, თუ ის ფერხდება, ბავშვს უჭირს სწავლა, კითხვა, მასთან კონტაქტში შესვლა რთულდება, სისხლში ცვლილებებია და თანდათან ეს ყველაფერი მწვავება, შესაძლოა, ეს ყველაფერი ტყვიის მაღალ კონცენტრაციას უკავშირდებოდეს და მშობელმა ამისთვის აუცილებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს.

თავის მხრივ რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც გვთავაზობს.
ცენტრის ინფორმაციით, თუ საცხოვრებლად გადახვედით ძველ შენობაში ან შეღებეთ საცხოვრებელი სახლი და ბავშვი პირში სხვადსხვა საგნებს ხშირად იდებს, მას ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ანალიზები აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს.

ტყვიისგან უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად კი შემდეგი ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ: შეინარჩუნეთ სათამაშო გარემო სუფთად. გარეცხეთ სათამაშოები ყოველკვირეულად; თავიდან მოიშორეთ ძველი და ხმარებიდან გამოსული სათამაშოები და აქსესუარები,, რეგულარულად წმინდეთ მტვერი, ფანჯრის რაფები, ჩარჩოები, კარებები და ადგილები, რომელსაც ეხება ბავშვი, ხშირად წმინდეთ იატაკი სველი წესითა და მტვერსასრუტით, დაბანეთ ბავშვს ხელები ჭამის წინ და ძილის წინ, არ დაუშვათ, რომ თქვენმა ბავშმა გამოიყენოს საწოვარა, რომელიც იატაკზე დავარდა, საკვების მოსამზადებლად გამოიყენეთ ცივი და არა ცხელი წყალი. წყლის აღებამდე ერთი წუთის განმავლობაში მოუშვით წყლის ჭავლი, რათა მილები გაიწმინდოს ტყვიის ნაწილაკებისაგან, კონსერვირებული პროდუქტი გახსნის შემდგომ გადაიტანეთ მინის ან პოლიეთილინის ჭურჭელში, გამოიყენეთ ჭურჭელი, რომელიც არ შეიცავს ტყვიას. მომინანქრებული ჭურჭელი შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. სურსათისათვის არ გამოიყენოთ დაზიანებული ჭურჭელი, ყურადღება მიაქციეთ გამოყენებულ საღებავებში ტყვიის შემცველობას. მოარიდეთ ბავშვი ისეთ ადგილებს, სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ადამიანები, რომელთა სამუშაო გარემო უკავშირდება მშენებლობას, სანტექნიკას, სამღებრო სამუშაოებს, მანქანების შეკეთებასა და სხვა მსგავს სამუშაოებს ხშირად არიან კონტაქტში ტყვიის ნაწილაკებთან; შეეცადეთ არ მიიტანოთ ტყვიის ნაწილაკები სამუშაო ადგილიდან სახლში.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ პრობლემა წლების წინ გამოკვეთა, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელის, ანა არგანაშვილის თქმით, სახელმწიფოს მყისიერი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

როგორც იურისტი განმარტავს, სისხლში ტყვიის შემცველობის ანალიზს საყოველთაო დაზღვევა, სავარაუდოდ, არ ანაზღაურებს.
"ჩვენ მოგვმართეს მშობლებმა, რომელთა ბავშვებსაც აღენიშნება ტყვიის საგანგაშო კონცენტრაცია. ჩვენ სახელმწიფო უწყებებისგან რეაგირება მოვითხოვეთ, მათი რეაგირება აბსოლუტურად არარელევანტური, არაადეკვატური, დაგვიანებული და ფრაგმენტული იყო. ამ ბავშვებს კი ძალიან ბევრი გამოკვლევა სჭირდებათ, მათ შორის უნდა მოხდეს გარემოს შესწავლა, რათა ტყვიის წყარო დაფიქსირდეს და მისი ამოღება და შემცირება მოხდეს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო უწყებები ძალიან პასიურები არიან", - განმარტავს ანა არგანაშვილი.

მისივე თქმით, ტყვიის შემცველი პროდუქციის გავრცელებასა და ჯანდაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების რეაგირებას კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში დაელოდებიან, ხოლო თუ მათი მხრიდან რეაგირება მაინც დაგვიანდება, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სასამართლოს მიმართავს. ანა არგანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა პროდუქტში ტყვიის კონცენტრაციის კონტროლს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს:

"სხვა ქვეყნებში ტყვიასთან მიმართებაში გაცილებით დაბალი რისკებია, გავიხსენოთ, სათამაშოებში აკრძალული ნივთიერებების გამოყენების საკითხი, რომლის რეგულირებასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს, ჩვენი ქვეყანა კი პასიურია, როცა მაგალითად, აშშ-ში სათამაშოების ტესტირება სავალდებულოა. ასევე უნდა მოხდეს ნიადაგში, ჰაერში, წყალსა და საცხოვრებელ გარემოში ტყვიის კონცენტრაციის შემოწმება, მაგრამ რეალურად, სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაშია, რომ ადამიანები პირველადი ანალიზის გაკეთებასაც ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ სახელმწიფო არ აფინანსებს, ბავშვებს კი მათი გაკეთება ძალიან ესაჭიროებათ. ჩვენ შეკითხვით დავით სერგეენკოს მივმართეთ, დაზღვევა მათ ანაზღაურებას ნაწილობრივ მაინც თუ ფარავს, პასუხი კი არ მიგვიღია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასე არ ხდება. იგივე მდგომარეობაა სხვა უწყებებთან მიმართებაშიც და ის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას მომავალ წლებში გვპირდება, ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, ვინაიდან საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ბავშვთა საჭიროებები, ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვა პრიორიტეტული უნდა იყოს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მაშინვე უნდა დაიწყოს, რა მომენტშიც პრობლემა დაფიქსირდება", - განმარტავს ანა არგანაშვილი.

მანამდე კი ვიდრე სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ გაითვალისწინონ ზემოთ ჩამოთვლილი ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

myquiz