მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებელთათვის
მთის კურორტების სეზონი ოფიციალურად დაწყებულია. შობა-ახალი წელი ახლოვდება და ბევრი ჩვენგანი გუდაურში, ბაკურიანსა თუ სვანეთში სათხილამუროდ წასასვლელად ემზადება.
მიუხედავად იმისა, რომ თხილამურებით სრიალი სახალისოა, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, შეიძლება, გართობა უსიამოვნო შემთხვევად იქცეს, სწორედ ამიტომ მთის კურორტების განვითარების კომპანია წლევანდელი სეზონისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს გვთავაზობს.
სრიალის მსურველმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს თხილამურის სამაგრებს, რადგან დაცემის შემთხვევაში, სამაგრმა დიდ დატვირთვას უნდა გაუძლოს. აღსანიშნავია, რომ თხილამურის სამაგრები რამდენიმე კატეგორიისაა: სამოყვარულო, ნახევრად პროფესიონალური და პროფესიონალური. რაც უფრო იმატებს მოთხილამურის ოსტატობა, მით უფრო იზრდება დატვირთვა სამაგრზე.
მთის კურორტების განვითარების კომპანია გვაფრთხილებს, რომ თხილამურების სამაგრები დარეგულირებული უნდა იყოს პროფესიონალის მიერ, რადგან ძალიან მოჭერილი არშე დაცემისას იხსნება და ფეხის მოტეხის რისკიც იზრდება, ასევე შესაძლებელია, თხილამური თავზე ან სხეულის სხვა ნაწილზე მოგვხვდეს. მეორე უკიდურესობის შემთხვევაში, თუ სამაგრი ზემდეტად მოშვებულია, თხილამური შეიძლება დაშვების დროს გაძვრეს, რასაც ხშირად ახლავს ტრავმები.
უსაფრთხოების კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი ჩაფხუტია, მის გარეშე სასრიალოდ გასვლა სერიოზულ რისკს შეიცავს - თავის ტრავმა კი შესაძლოა, სავალალოდ დასრულდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი, მოგრძო ჯოხები, რომლებიც სრიალისას თოვლზე დასაყრდნობად გამოიყენება. ჯოხები სიმაღლიდან დაშვებისას ბალანსის შენაჩუნებას უწყობს ხელს.

სრიალის მოყვარულებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ხარისხიანი სათვალე, უსათვალოდ სრიალი არ შეიძლება, რადგან ჰაერში ყინულის უწვრილესი კრისტალები ტრიალებს, რომლებიც 70-80კმ/სთ სიჩქარით სრიალის დროს თვალში მოხვედრისას რქოვანას აზიანებს. გარდა ამისა, აუცილებლად იქონიეთ თბილი, წყალგაუმტარი ხელთათმანი, რათა ხელი არ მოგეყინოთ.
ამას გარდა, სრიალისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
აუცილებელია, რომ სრული დამცავი კომპლექტი გეცვათ, რომელიც მათ შორის აღჭურვილი იქნება თავისა და მუხლების დამცავით და თეძოებზე სპეციალური სამაგრებით, თუმცა სრული აღჭურვილობის ქონის შემთხვევაშიც კი, როდესაც ეცემით, აუცილებელია, თავი ხელებით დაიჭიროთ, რომ წაქცევისას ძლიერი დარტყმა არ მოხდეს.
მნიშვნელოვანია, რომ დაშვებისას სისწრაფე აკონტროლოთ, ძალიან სწრაფად დაშვებაა რეკომენდებული არ არის. ასევე მთის კურორტების განვითარების კომპანია დამწყებ მოთხილამურეებს ურჩევს, რომ მთიდან არ დაეშვან.
როგორ უნდა დავეშვათ სწორად?
ამისათვის სათხილამურო ჯოხები რაც შეიძლება შორს უნდა გადაყაროთ, სხეულს ხელები მჭიდროდ შემოხვიოთ და არავითარ შემთხვევაში წინ არ გაშალოთ. დაცემისას მთელი დარტყმა წინა საყრდენ ფეხსა და ხერხემალზე მოდის, ამიტომ სასურველია, თუ მოხრასა და ემბრიონის პოზის მიღებას მოახერხებთ.

სნოუბორდით სარგებლობის შემთხვევაში, დაფიდან წაქცევის თავიდან ასარიდებლად მოსახვევებში დაკვირვებით უნდა მიმოიხედოთ და განსაზღვროთ, არის თუ არა იმის რისკი, რომ გზა სხვა მოსრიალეს ჩაუჭრათ ან შეეჯახოთ, - "ამასაც თავისი უსაფრთხოების წესი აქვს - აუცილებლად უნდა გაჩერდეთ სახით კლდისკენ, რათა დარწმუნდეთ, რომ უკან ვიღაც სხვა არ მოგყვებათ სრიალით. თუ დასვენება გადაწყვიტეთ, შეისვენეთ გზის კუთხეში, შეეცადეთ, ხელი არ შეუშალოთ სხვებს. წამყვანი ფეხი უნდა იყოს დაფიქსირებული დაფაზე სპეციალური სამაგრით, რომელიც არ მისცემს ფეხს საშუალებას იმოძრაოს დაშვებისას. ამგვარად მეტი კონტროლი გექნებათ დაფაზე", - განმარტავს მთის კურორტების განვითარების კომპანია.
მთის კურორტებზე ჩვენს უსაფრთხოებას მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო ჯფუფებიც იცავენ.სამაშველო სამსახურის უფროსის, ვაკო დუნდუას თქმით, ჯფუგების სამუშაო საათები სამუშაო დღეებში 10:00-დან 16:00-მდე, ხოლო შაბათ-კვირას 10:00-დან 17:00 საათამდე განისაზღვრება, თუმცა ისინი დამსვენებელთათვის დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან.
"გუდაურის სამაშველო სამსახურში მუშაობს 18, გოდერძის სამაშველო სამსახურში 7, ბაკურიანი დაყოფილია 3 ზონად, სადაც დიდველის სამაშველოზე მუშაობს 9, კოხტაზე 5, მიტარბში 7, თეთნულდზე 18, ხოლო ჰაწვალზე 12 მაშველი მუშაობს. ყოველ დილით მათი ტრასებზე განაწილება და ამ ტრასების კონტროლი ხდება", - განმარტავს ვაკო დუნდუა.
მისი თქმით, 2016 წლის ზამთრის სეზონზე დახმარება ყველაზე მეტ ვიზიტორს გუდაურში დასჭირდა. შარშან მაშველებმა მხოლოდ გუდაურში დახმარება 350 პირს აღმოუჩინეს, თუმცა პირები რომელთაც ამბულატორიული დახმარება არ დასჭირდათ, არ აღურიცხავთ და ამ სიაში ვერ მოხვდნენ, - "ყველას ვაფრთხილებთ, რომ შეხედოს და დაუკვირდეს ნიშნებს, რადგან შექმნილი გვაქვს ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, ამხელა ნიშნები ევროპაშიც კი არ არის დამონტაჟებული. არასტანდარტული მოცულობის ნიშნებს იმიტომ ვაკეთებთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მათ არასდროს არავინ უყურებს. მაგალითად, თუ პირმა უნდა ისრიალოს ლურჯ ტრასაზე და სრიალებს შავზე და რამე პრობლემა შეექმნება, მერე ამბობს, რომ არ იცოდა, არადა შეუძლია, რუკაზე დაუკვირდეს, სადაც ბილეთებს იძენენ, რუკები ყველა სალაროშია", - აღნიშნავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

ვაკო დუნდუას თქმით, ბოლო სამი წელია, მთის კურორტების განვითარების კომპანია თანამშრომლობს Des Alpes-ის კომპანიასთან, რომელიც ალპებში მთის 15 კურორტს ხელმძღვანელობს, შესაბამისად, იქ არსებული სტანდარტები საქართველოს მთის კურორტებზეც მკვიდრდება.
"ჩვენს სამაშველო სამსახურს აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, თოვლმავალი მანქანები, ზოგიერთ შემთხვევაში ვიყენებთ ტრაქტორებს, მაგრამ უდიდესი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ვერტმფრენი", - აღნიშნავს ის.
სამთო კურორტებზე წესების დარღვევისთვის მოქმედებს სპეციალური ჯარიმები, რომელთა ჩამონათვალიც ასეთია:მოტოციგით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) გადაადგილებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით თოვლმავალის, მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში,ასევე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებაგამოიწვევს სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალების ერთი დღით ჩამორთმევას, ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ პოლიციელი ვალდებული იქნება, თოვლმავალის/მოტოციგის მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვის საკმაო საფუძველი, რომ ის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალისმდგომარეობაშია და გამოკვლევის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან წარადგინოს.
გარდა ამისა, პატრულის თანამშრომელს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს და 16 წლამდე ასაკის მოზარდებს, რომლებიც თოვლმავალით გადაადგილდებიან, გაფრთხილება მისცეს, ან 100 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწეროს.
როდესაც პირი თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობით სარგებლობით აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, პატრულის თანამშრომელს უფლება აქვს, ის წერილობით გააფრთხილოს. თუ იმავე დღეს ქმედება განმეორებით იქნება ჩადენილი, გამოიწვევს 20 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება პოლიციელი ვალდებულია, დროებით ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება, ჩამოაშოროს სასრიალო ტრასით მოსარგებლე სასრიალო ფერდობდან ან გზიდან (ტრასიდან) ერთი დღის და ამავდროულად, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ გადაყვანა.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ სასრიალო ფერდობით ან ტრასით სარგებლობისას იმის დასადგენად ნარკოტიკული, ალკოჰოლური ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, პატრულის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაიაროთ შემოწმება, წინააღმდეგ შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდებით და ერთი დღის ჩამოგერთმევათ სასრიალო ტრასით სარგებლობის უფლება. ხოლო თუ იგივე ქმედებას წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენთ, 200 ლარის ოდენობით თანხით დაჯარიმდებით.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.
აღსანიშნავია, რომ თოვლმავალი საშუალების მართვა და თოვლზე/ყინულზე სრიალი იკრძალება ასევე იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც ყურადღებას აქვეითებს.
თოვლმავალის მართვის უფლების მქონე პირის ასაკი კი 16 წლით განისაზღვრება.