ვიდეოფაქტი: როგორ ითხოვს "სტაიანშიკი" დამატებით თანხას იქ, სადაც "სითი პარკის" მიერ მოწყობილი საპარკინგე ადგილია | Allnews.Ge

ვიდეოფაქტი: როგორ ითხოვს "სტაიანშიკი" დამატებით თანხას იქ, სადაც "სითი პარკის" მიერ მოწყობილი საპარკინგე ადგილია

მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ არსებულ პარკირებისთვის გამოყოფილ ტერიტორიასთან მდგომი ე.წ სტაიანშიკები მოქალაქეებს ავტომობილის გაჩერების საფასურად 3-5 ლარს სთხოვენ. ამის ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოგვაწოდა.

Allnews.ge-მ გადაამოწმა, რამდენად ლეგიტიმურია კონკრეტული პირების მიერ მოქალაქეებისთვის აღნიშნული თანხის მოთხოვნა და ტერიტორია კომპანია "სითი პარკს" ეკუთვნის თუ პრივატიზებულია.

"სითი პარკის" ინფორმაციით, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გამოყოფილი ავტომობილის საპარკინგე ადგილები, სადაც ე.წ 45 გრადუსიანი ჯიბეებია მოწყობილი, ქალაქ თბილისის მერიას ეკუთვნის, "სითი პარკის" დახაზული და მოქალაქეებს აღნიშნული პირებისთვის ავტომობილის გაჩერების სანაცვლოდ თანხების გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.

"არცერთი მოქალაქე არ არის ვალდებული, გადაიხადოს დამატებითი თანხა, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაწესებულია და შეადგენს 6 თვეში 25, ხოლო წელიწადში 50 ლარს. დამტებითი თანხა, მერიის მიერ გამოყოფილ ადგილებზე ავტომობილის გასაჩერებლად, რომელიც დახაზულია კომპანია "სითი პარკის" მიერ და ასევე დამონტაჟებულია პარკირების სპეციალური ნიშნები, არცერთმა მოქალაქემ არ უნდა გადაიხადოს. თუ არის კერძო პარკირება, მაშინ, რა თქმა უნდა, თვითონ პარკირების მფლობელი წყვეტს, რა საფასური იქნება გადასახდელი. თბილისის მერიის ტერიტორიის შემთხვევაში, არცერთი მოქალაქე არ არის ვალდებული დამატებითი თანხა გადაიხადოს", - განმარტავენ კომპანია "სითი პარკში".

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემა თბილისში არაერთ ადგილას შეგხვდებათ. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები „სითი პარკის“ მიერ დახაზული პარკირების ადგილს თვითნებურად იკავებენ წინასწარ და ამ მიზნით პარკირების ზოლში სხვადასხვა ნივთებს, აგურებს და ა.შ ათავსებენ.

myquiz